საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია IBM ორად გაყოფის შესახებ აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ეს ნაბიჯი იმის მცდელობაა, რომ კომპანიამ ფოკუსირება მოახდინოს შედარებით მაღალშემოსავლიან ბიზნესებზე, ისეთებზე, როგორიცაა ე.წ „ქლაუდ“ სერვისი და ხელოვნური ინტელექტი.
ახალი კომპანია, რომელიც IT ინფრასტრუქტურაზე იქნება ფოკუსირებული, ცალკე ბიზნესად ჩამოყალიბდება და მას ცალკე სახელი დაერქმევა, ეს ყველაფერი მომავალი წლისთვის იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების შემდეგ IBM-ის აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, გასულ წელს IBM-მა $34 მილიარდად ქლაუდ-კომპანია Red Hat-ი შეიძინა. თუმცა, ამჟამად ე.წ ქლაუდ-სერვისების ბაზარზე Microsoft-ი და Amazon Web Services-ი დომინირებენ.
“ზრდისთვის, ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს დაფუძნებული მსოფლიოში არსებულ იმ რეალობაზე, რომელშიც ვცხოვრობთ. დღესდღეობით, ჰიბრიდული “ქლაუდი“ და ხელოვნური ინტელექტი თანდათან ხდება ვაჭრობის, ტრანზაქციების და დროთა განმავლობაში კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპიცენტრი“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა არვინდ კრიშნამ.
IBM-ი, რომელიც ამჟამად 352 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, აცხადებს, რომ კომპანიის დაყოფის შედეგად დანახარჯები $5 მილიარდს მიაღწევს.