საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3%-ით მეტია.
საქსტატის თანახმად, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის, სააქციო კაპიტალისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის მატებით.

2024 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.6%-ია, რეინვესტიციამ (ინვესტირებიდან მიღებული შემოსავლის ხელმეორედ ინვესტირება) კი 451.3 მლნ აშშ დოლარი და მისი წილი 78.6%-ით განისაზღვრა.
ინვესტორებს შორის პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფოა 266.7 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე იაპონიაა 59.2 მლნ აშშ დოლარით (10.3%), ხოლო მესამეზე მალტა 37.9 მლნ აშშ დოლარით (6.6%).
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 63.3%-ს შეადგენს.
10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:
- გაერთიანებული სამეფო – 266.7 მლნ აშშ დოლარი;
- იაპონია – 59.2 მლნ აშშ დოლარი;
- მალტა – 37.9 მლნ აშშ დოლარი;
- აზერბაიჯანი – 23.7 მლნ აშშ დოლარი;
- ჩეხეთი – 20.9 მლნ აშშ დოლარი;
- ნიდერლანდები – 20.5 მლნ აშშ დოლარი;
- აშშ – 18.9 მლნ აშშ დოლარი;
- ისრაელი – 13.8 მლნ აშშ დოლარი;
- ავსტრია – 12.5 მლნ აშშ დოლარი;
- ვირჯინის კუნძულები (ბრიტ.) – 11.6 მლნ აშშ დოლარი.
II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 300.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 52.3%-ია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი 79.2 მლნ აშშ დოლარით (13.8%), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 55.5 მლნ. აშშ დოლარით (9.7%).
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 75.7% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ წლიურმა ინვესტიციებმა პიკს 2022 წელს მიაღწია და 2.25 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, 2023 წელს კი 17%-ით, 1.9 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. მიმდინარე წლის ორ კვარტალში კი საქართველოში სულ 721.6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად, 38%-ით ჩამორჩება.