2024 წლის მეორე კვარტალში იაპონური ტექნოლოგიური კომპანია Sony-ის საოპერაციო მოგებამ ინვესტორთა მოლოდინს გადააჭარბა – მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა და $1.9 მილიარდი შეადგინა. ფინანსური ანალიტიკოსების მოსაზრებით, ზრდა კომპანიის ახალი ტექნოლოგიის, გამოსახულების სენსორის ბიზნესმა, ასევე თამაშების მიმართულებამ განაპირობა.
Sony-ის გამოსახულების სენსორის ბიზნესის გაყიდვები მეორე კვარტალში თითქმის გასამმაგდა. ცნობისთვის, Sony სმარტფონების მსხვილი მწარმოებლებისათვის აღნიშნული ტექნოლოგიის მთავარი მიმწოდებელია.
საოპერაციო მოგების ზრდა ზემოთ აღნიშნულის გარდა უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის სხვაობამაც განაპირობა. იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ და ეროვნული ვალუტის, იენის გაუფასურებამ ინვესტორებს იაპონური კომპანიების პერსპექტივის გადაფასებისკენ უბიძგა, რადგან სუსტი ვალუტით მეტწილად მსხვილი ექსპორტიორები ხეირობენ.
Sony-ის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი წელს დაახლოებით ერთ დოლართან 145 იენია. თუმცა ივლისის დასაწყისისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 38-წლიან მინიმუმზე, 162-ზე იყო.
შეგახსენებთ, 2024 წლის პირველ კვარტალში Sony-მ 2.4 მილიონი ერთეული PlayStation 5 გაყიდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს თითქმის 30%-ით ჩამოუვარდება. 2023 წლის პირველ კვარტალში PS5-ის გაყიდვებმა 3.3 მილიონი ერთეული, მესამე კვარტალში კი 8.2 მილიონი ერთეული შეადგინა. კომპანიის განცხადებით, მიმდინარე ფისკალურ წელს ჯამში 18 მილიონ ერთეულ PlayStation 5-ს გაყიდიან. 2023 წელს ჯამში იაპონურმა კომპანიამ 20.8 მილიონი სათამაშო კონსოლი გაყიდა.
Sony-ს აქციათა ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე 8%-ით არის შემცირებული. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $100 მილიარდს შეადგენს.