IKEA ლაბირინთებზე უარს ამბობს და მაღაზიების განლაგებას ცვლის

IKEA ლაბირინთებზე უარს ამბობს და მაღაზიების განლაგებას ცვლის

ავეჯის მწარმოებელი შვედური გიგანტი IKEA, მისი მაღაზიების ტიპურ შიდა ლაბირინთებზე უარს ამბობს და მაღაზიების სივრცეების განლაგებას ცვლის – ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ფიზიკურ სივრცეში არსებულმა მაღაზიებმა ელექტრონული კომერციის სამყაროშიც იარსებონ.

„ფაქტობრივად ნულიდან დაწყება გვინდოდა, უნდა გვეთქვა, თუ როგორ წარმოგვიდგენია მომავლის მაღაზია, რომელშიც ადამიანი მხოლოდ წიგნის თაროს საყიდლად არ შევა“, – აღნიშნა IKEA-ს საცალო გაყიდვების მენეჯერმა, სტეფან ვანოვერბეკემ. IKEA-ში აღნიშნავენ, რომ კარგად ხვდებიან ნივთების ონლაინ შეძენის ტენდენციას, რომელმაც, შვედური გიგანტი ერთგვარი დილემის წინაშე დააყენა: „მაშ, ადამიანი IKEA-ში რატომ შემოვა?“

პირველი პროტოტიპული მაღაზია IKEA-მ შანხაიში გახსნა, რომლის შიდა სივრცე ისე არის მოწყობილი, რომ, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მომხმარებლებმა უფრო მეტი დრო სხვა საქმეებს დაუთმონ, ვიდრე უშუალოდ შოპინგს. IKEA-ს ტიპური შოურუმების გარდა, შანხაის მაღაზიაში შეხვდებით ბალიშებით მოპირკეთებულ ამფითეატრს, რომელშიც მომხმარებლებს მეგობრებთან ერთად დროის გატარება შეუძლიათ; რესტორანს, რომელშიც კერძები ფერმერების მიერ მოყვანილი პროდუქტებისაგან კეთდება; და „ხელოსანთა ჰაბს“, რომელშიც მაღაზიის თანამშრომლები მომხმარებლებს დაზიანებული ავეჯის შეკეთებაში დაეხმარებიან.

ამ კვირაში, IKEA კიდევ ერთი ექსპერიმენტული მაღაზიის გახსნას გეგმავს, ახლა უკვე ვენაში. ეს ხუთსართულიანი მაღაზია, რომლის სახურავზეც კაფე იქნება, ვესტბაჰოფის სარკინიგზო სადგურის გვერდით მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ცენტრს მოშორებული IKEA-ს სხვა მაღაზიებისგან განსხვავებით, ვენის ამ ფილიალში პარკინგი არ არის – მცირე ზომის ნივთებს მომხმარებლები თან წაიღებენ, ხოლო მოზრდილ ნივთებს კურიერი სახლში მოართმევთ, შეკვეთიდან მეორე დღეს.

აღსანიშნავია, რომ ორივე ზემოთხსენებული მაღაზიის განლაგების სქემა IKEA-ში ჯერ კიდევ პანდემიამდე შეიმუშავეს – იმ გათვლითა და დაკვირვებით, რომ ადამიანები სულ უფრო ხშირად ყიდულობენ ავეჯს ონლაინ, სმარტფონების გამოყენებით. სწორედ ამის გამო, IKEA-ს ახალი ტიპის მაღაზიები აღჭურვილია QR-კოდებით, რომელთა დახმარებით, ნივთების შეძენა მომხმარებლებს ტელეფონით შეუძლიათ.