Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი თანამშრომლებს ელექტრონულ ფოსტას უგზავნის, სადაც ის მათ აფრთხილებს რომ საჭიროა ხარჯების გაკონტროლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია სარგებელს ვერ მიიღებს.
“ინვესტორები ჩვენ გვაძლევენ უამრავ კრედიტს სამომავლო რენტაბელურობისთვის, თუმცა, თუ ისინი ნებისმიერ დროს დაასკვნიან, რომ ეს არ მოხდება, ჩვენი აქციები მაშინვე ისე დაეცემა, როგორც სუფლე უროს ქვეშ“, – წერს ილონ მასკი თანამშრომლებს.
“ამ დროს, როდესაც ჩვენი აქციები ახალ მწვერვალებს იპყრობს, შესაძლოა გეჩვენებოდეთ, რომ ხარჯვა ფრთხილად არც ისე მნიშვნელოვანია. ეს არ არის სწორი. როდესაც ვუყურებთ ჩვენს შემოსავლიანობას, ის ძალიან დაბალია“, – წერს მასკი და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ “დავხარჯავთ ჭკვიანურად ფულს“.
ამასთან მასკის თქმით, იმისათვის რომ ელექტრომობილების რევოლუცია მოხდეს, უნდა აწარმოონ ელექტრომობილები და ძლიერი ელემენტები.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს, კომპანიამ დაიწყო ორი ახალი ქარხნის მშენებლობა ტეხასში და ბერლინში, რაც ბუნებრივია დამატებით ხარჯებს უკავშირდება. 2020 წლის დასაწყისში კი კომპანიამ ცალკეული თანამშრომლების ხელფასები შეამცირა, ასევე გააუქმა კონტრაქტები დროებით თანამშრომლებთან და გაათავისუფლა დასაქმებულების ნაწილი. თუმცა, შემდეგ ნაწილობრივ გაზარდა თანამშრომელთა ანაზღაურება და კონტრაქტების ნაწილიც აღადგინა.