ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს აქციების ფასის 10-თვიან მინიმუმამდე შემცირების შემდეგ, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის ქონება საგრძნობლად შემცირდა.
ფინანსური საკონსულტაციო კომპანია Wells Fargo-ს ანალიტიკოსების მიერ Tesla-ს საინვესტიციო რეიტინგის შემცირების შემდეგ, კომპანიის აქციათა ღირებულება საფონდო ბირჟაზე 4.5%-ით შემცირდა და $170-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა. Wells Fargo-მ ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი შემდეგნაირად შეაფასა: „მზარდი კომპანია ზრდის გარეშე“, აქციების სამიზნე ფასად კი $120 დაასახელა.
Forbes-ის მონაცემებით, აღნიშნულის გამო კომპანიის დამფუძნებლის ქონება $4 მილიარდით შემცირდა და $192 მილიარდი შეადგინა. ამ მიზეზით ილონ მასკი პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მე-3 პოზიციაზე ჩამოქვეითდა და პირველობისთვის რბოლას მნიშვნელოვნად ჩამორჩა. პარალელურად, ელექტრონული კომერციის გიგანტის, Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება $195 მილიარდამდე გაიზარდა და, შედეგად, ის სიაში მეორე პოზიციას იკავებს.
მიმდინარე წელს ილონ მასკის ქონება მნიშვნელოვნად შემცირდა. 2023 წლის ბოლოსთვის, ამერიკელი ბიზნესმენი $60 მილიარდით უფრო მდიდარი იყო. ეს კი მეტწილად სწორედ Tesla-ს აქციათა ფასის შემცირებითაა განპირობებული, რომელიც წლის დასაწყისიდან დღემდე 31%-იან კლებას განიცდის. ცნობისთვის, ილონ მასკი Tesla-ს აქტივების თითქმის მეხუთედს ფლობს. შესაბამისად, კომპანიის ღირებულების კლება მის ქონებაზე პირდაპირპროპორციულად აისახება. ამჟამად Tesla აშშ-ის მე-12 ყველაზე მსხვილი კომპანიაა, სულ რაღაც ორი წლის წინ კი მე-5 გახლდათ.
პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა სიას Forbes-ის დღევანდელი მონაცემებით ბერნარ არნო ლიდერობს, რომლის ქონებაც $237.8 მილიარდია. მე-2 პოზიციას $195 მილიარდით ჯეფ ბეზოსი იკავებს, მე-3-ზე კი $191 მილიარდით ილონ მასკი იმყოფება.