ილონ მასკის ქონება $200-მილიარდიან ნიშნულს ჩამოსცდა

ილონ მასკის ქონება $200-მილიარდიან ნიშნულს ჩამოსცდა

მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმის ქონება სწრაფი ტემპით მცირდება. Forbes-ის შეფასებით, ერთ თვეში ილონ მასკმა თითქმის 30 მილიარდი დოლარი დაკარგა და ამჟამად მისი ქონების შეფასება 197 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მილიარდერი მეწარმის არასახარბიელო შეფასება საფონდო ბირჟაზე Tesla-ს აქციების ღირებულების შემცირებასთანაა დაკავშირებული. ერთკვირიან ჭრილში ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 15%-ით დაეცა, საბარო კაპიტალიზაცია კი 599 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

ცნობისთვის, წლის დასაწყისიდან დღემდე Tesla-ს კაპიტალიზაცია 52%-ითაა შემცირებული, რამაც მასკის ქონების შეფასების განახევრება გამოიწვია.

ბოლო პერიოდში Tesla-ს აქციების შემცირება მსოფლიოს მასშტაბით მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ინვესტორთა დიდი ნაწილი Tesla-ს დირექტორის, ილონ მასკის ყურადღების Twitter-ზე გადართვას პოზიტიურად არ აფასებს. მათი შეფასებით, მასკის სრული ფოკუსი Tesla-ზე უნდა იყოს, რადგან ის მისი შემოსავლის მთავარი წყარო და რეალური მოგების მომტანი კომპანიაა, განსხვავებით Twitter-ისაგან.

Forbes-ის შეფასებით, ამჟამად რეიტინგში მეორე ადგილზე მოდის ინდუსტრიის ტიტანი, ბერნარ არნოა, რომლის ქონებაც 159 მილიარდ დოლარს შეადგენს; მესამე ადგილს კი $145-მილიარდიანი ქონებით ინდოელი მეწარმე და ინვესტორი, გაუტამ ადანი იკავებს.