ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც 400 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამერიკული Forbes-ის დათვლებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ოთხშაბათის მონაცემებით, $428 მილიარდს ფლობს.
ილონ მასკის ქონებამ ისტორიული ნიშნული მას შემდეგ გადაკვეთა, რაც ოთხშაბათს SpaceX-ი და მისი ინვესტორები ინსაიდერების აქციების გამოსყიდვაზე შეთანხმდნენ. ახალი გარიგებით კომპანია 350 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. განახლებული შეფასების შემდეგ, მასკის ქონება $58 მილიარდით გაიზარდა. მეორე მხრივ კი, SpaceX-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კერძო კომპანიად იქცა.
SpaceX-ის $350 მილიარდად შეფასება ნიშნავს, რომ კომპანიაში ილონ მასკის 42%-იანი წილი ახლა დაახლოებით 147 მილიარდი აშშ დოლარი ღირს, რაც 60%-ით მეტია კოსმოსური კომპანიის წინა სატენდერო შეთავაზებაზე – ამ წლის დასაწყისში SpaceX-ის ღირებულება 210 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა.
2024 წლის 1 იანვრის შემდეგ, ილონ მასკის წმინდა ქონება $150 მილიარდზე მეტით გაიზარდა. ეს ნაწილობრივ SpaceX-ის მზარდი შეფასების დამსახურებაა, თუმცა ასევე Tesla-ში მისი 13%-იანი წილის. ცნობისთვის, ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ 70%-ზე მეტით არის გაზრდილი, რაც ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამარჯვებით არის განპირობებული.