მსოფლიო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მიერ ბიტკოინის ეროვნულ ვალუტად გამოცხადება ქვეყანასა და რეგიონს არაერთ პრობლემას შეუქმნის, როგორც სამართლებრივი, ასევე ეკონომიკური პოლიტიკისა და გამჭვირვალობის კუთხით, – ამის შესახებ IMF-მა Bloomberg-ს განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად გასულ კვირას, ბევრისთვის მოულოდნელად გამოაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტის, ფოსტენ-არკანჟ ტოუადერას ადმინისტრაციის თქმით, ბიტკოინის დაკანონება ქვეყნის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას მსოფლიოს ყველაზე გაბედული და ფართო ხედვის მქონე ქვეყნების გარემოცვაში მოაქცევს.
ამ დრომდე ქვეყნის მთავარ ვალუტად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ფრანკი მიიჩნეოდა, რომელიც საფრანგეთსაა მიბმული და თან, ევროთი მყარდება. არსებობს მოსაზრება, რომ ქვეყნის მიერ ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად გამოცხადება სწორედ ამ პოსტკოლონიური კავშირების დანგრევას ემსახურება. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოების ბანკმა – ორგანომ, რომელიც ცარ-ის ფრანკის მიმოქცევას არეგულირებს – სახელმწიფოს მიერ ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად გამოცხადების შესახებ არაფერი იცოდა.