ამიერიდან, Inditex-ს მისი დამაარსებლის, ამანსიო ორტეგას ქალიშვილი, მარტა ორტეგა პერესი უხელმძღვანელებს, – გადაწყვეტილება კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ 30 ნოემბერს მიიღო. იდეის ინიციატორები ამანსიო ორტეგა და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, პაბლო ისლა არიან, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას კომპანიაში თაობათა ცვლის პროცესის დასრულებით ხსნიან, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ მარტა ორტეგას დანიშვნის გადაწყვეტილების გაოფიციალურების შემდეგ, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 6%-ით შემცირდა. Inditex-ის ამ გადაწყვეტილებას ექსპერტებიც უარყოფითად აფასებენ: მსხვილი საკონსულტაციო კომპანიის, Alantra Equities-ის თქმით, მარტა ორტეგას საცალო გაყიდვების გამოცდილება არ აქვს, რის გამოც, მას პაბლო ისლას ჩანაცვლება გაუჭირდება. პაბლო ისლამ კომპანია ათი წლის წინ გადაიბარა – ამ დროში, კომპანია 6-ჯერ გაიზარდა, მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ კი, $100 მილიარდს მიაღწია.
ისე კი, უკვე 15 წელია, რაც მარტა ორტეგა Inditex-ში მუშაობს – მსოფლიო მოდის ბრენდად Zara სწორედ მისი ხელმძღვანელობისას იქცა. „ამ კომპანიით ბავშვობიდან ვსაზრდოობ და ყველაფერი, რაც ვიცი, პროფესიონალებისგან ვისწავლე, გასული 15 წლის განმავლობაში. ხშირად მითქვამს, რომ ჩემს ცხოვრებას ჩემი მშობლების მემკვიდრეობის გაფართოებას დავუთმობდი“, – ამბობს მარტა ორტეგა.
ცნობისთვის, ამანსიო ორტეგა ესპანეთის უმდიდრესი მოქალაქეა, ხოლო Inditex-ი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც სხვა ბრენდებთან ერთად, Zara-ს, Massimo Dutti-სა და Pull&Bear-ს ფლობს. 2021 წლის მეორე კვარტალში, Inditex-მა €850 მილიონის სუფთა მოგება ნახა.
85 წლის ამანსიო ორტეგას ქონებას, Forbes-ი $73.2 მილიარდად აფასებს, რისი დამსახურებითაც, მსოფლიო მილიარდერთა სიაში მას მე-16 ადგილი უკავია.