კლიმატის ცვლილებების ინსტიტუციონალური ინვესტორთა ჯგუფის (IIGCC) ინფორმაციით, 50 ტრილიონი ევროს ღირებულების აქტივების მფლობელი ინვესტორები ევროკავშირის მწვანე ფინანსური ტაქსონომიიდან წიაღისეული გაზის გამორიცხვას მოითხოვენ. ბირთვული ენერგიისთვის მდგრადი ინვესტიციის სტატუსის მინიჭებას IIGCC-ში კვლავ განიხილავენ.
ღია წერილში, ინვესტორების ჯგუფმა (IIGCC) შეშფოთება გამოთქვა წიაღისეული გაზის მდგრად ინვესტიციად მარკირების შესახებ და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებით, კაპიტალი შესაძლებელია ისეთ ინვესტიციებზე გადანაწილდეს, რომლებიც ევროკავშირის კლიმატურ გეგმებს ეწინააღმდეგება. გარემოს დამცველები მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციის მდგრადი ინვესტირების უახლესი სია, რომელიც ბირთვულ და გაზის პროექტებსაც შეიცავს, ძირს უთხრის ევროკავშირის კლიმატის კანონმდებლობის ამბიციებს.
რეალურად, ტაქსონომიის შექმნის მიზანი ინვესტორთა ინფორმირება და დაცვაა, რათა არ მოხდეს კაპიტალის გახარჯვა ისეთ პროექტებზე, რომლებიც მწვანე აქტივობებს არ მოიცავს, არაეფექტიანია და ზიანს აყენებს გარემოს. IIGCC მანამდეც მოითხოვდა მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომის მიღებას და ტაქსონომიის მორგებას ორგანიზაციის წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევის ამბიციებთან. წიაღისეული გაზისთვის მწვანე ეტიკეტის მინიჭება კი, IIGCC-ის აზრით, ისეთი ენერგეტიკული კომპანიებსაც მოაქცევს ტაქსონომიის ფარგლებში, რომლებიც ევროპის წმინდა ნულოვანი ემისიის მიზანს არ შეესაბამებიან.
წიაღისეული გაზის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, IIGCC-ში აცხადებენ, რომ ბირთვული ენერგიის მდგრად ინვესტიციად მიჩნევის საკითხი კვლავ განხილვის ეტაპზეა. თუმცა სამომავლოდ ორგანიზაცია გააგრძელებს მუშაობას და ტაქსონომიაში ბირთვული ენერგიის ჩართვის თემასაც მოიცავს.