დღეს Christie’s-ის აუქციონზე მე-10 საუკუნის ქართველი სასულიერო მწერლის, ჰიმნოგრაფი იოანე ზოსიმეს ქართული ხელნაწერი გაიყიდა. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, გიორგი გრძელიშვილის ინფორმაციით, ის საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, £1,250,000-ად შეიძინა. შეგახსენებთ, Christie’s-ი ხელნაწერს £1,000,000-დან £1,500,000-მდე აფასებდა.
როგორც Christie’s-ის სააუქციონო სახლის აღწერაში ვკითხულობთ, ხელნაწერის ძველი ტექსტი ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე, კერძოდ დასავლურ არამეულ დიალექტზეა შექმნილი, რომელსაც მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 და მე-13 საუკუნეებში იყენებდა. ის მხოლოდ რამდენიმე წარწერაშია შემონახული, პალიმფსესტსა და ხელნაწერში. ხელნაწერი, რომელიც მე-5-მე-7 საუკუნით თარიღდება, შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე.
ამავე წიგნში ახალი ტექსტი ქართული, ხუცური დამწერლობით, იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელსაა დაწერილი. „პალიმფსესტი ქართული ტექსტით გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის ბერი იოანე ზოსიმეს მიერ და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან“, – ვკითხულობთ Christie’s-ის სააუქციონო სახლის აღწერაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.