IPO-ს შემდეგ, Virgin Orbit-მა კოსმოსში პირველი სატელიტები განათავსა

IPO-ს შემდეგ, Virgin Orbit-მა კოსმოსში პირველი სატელიტები განათავსა

ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის კოსმოსური სატელიტების კომპანიამ, Virgin Orbit-მა 13 იანვარს მესამე სატელიტური მისია შეასრულა, რომლის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე შვიდი მცირე ზომის საკვლევი ხელოვნური თანამგზავრი განათავსა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მისია იყო მას შემდეგ, რაც კომპანიამ საკუთარი აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე განათავსა.

კომპანიის IPO-ს შესახებ Virgin Orbit-მა ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში განაცხადა, რითაც 2021 წლის ერთგვარ ტრენდს არ ჩამორჩა – შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საფონდო ბირჟაზე კიდევ ორი მცირე სატელიტების გამშვები კომპანია, Astra და Rocket Lab-ი დაილისტა.

საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების განთავსება Virgin Orbit-მა საინტერესოდ აღნიშნა: 7 იანვარს, კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, დენ ჰარტმა NASDAQ-ის გახსნის ზარი ჩამოჰკრა, რა დროსაც ტაიმზ-სკვერზე კომპანიის მთავარი რაკეტის, LauncherOne-ის მოდელი განთავსდა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დაარსებული Virgin Orbit-ი ერთ-ერთი გამორჩეულია ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრების გამშვებ კომპანიებს შორის, რადგან მის მიერ განვითარებული ტექნოლოგიის გამოყენებით (ასაფრენ მოწყობილობად ისინი გადაკეთებულ Boeing 747-ს იყენებენ), „სატელიტების გაშვება შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი ორბიტის მიმართულებით“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *