სრული სამედიცინო ისტორია ერთ აპლიკაციაში

სრული სამედიცინო ისტორია ერთ აპლიკაციაში

2021, როგორც პანდემიასთან ადაპტირების წელი, მსოფლიომ ცოტა ხნის წინ უკან მოიტოვა. ზოგმა გასულ წელს თვითგამორკვევის და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის წელიც უწოდა. თუმცა ფაქტია, რომ გასულმა და კიდევ იმის წინა წელმა ბევრი რამ გვასწავლა და ბევრი რამ შეცვალა კიდეც როგორც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, ასევე ორგანიზაციებისა და კომპანიების პოლიტიკებსა და სექტორების განვითარებაში. მნიშვნელოვანი ცვლილებები – კარგიც და ცუდიც – ჯანდაცვის სექტორსაც შეეხო. ამჟამად კარგ ცვლილებებზე უნდა მოგიყვეთ, რომლებიც ლაშა მურჯიკნელის მიერ შექმნილ ახალ სტარტაპს, სახელად medik-ს ეხება. საუბარია სამედიცინო აპლიკაციაზე, რომელიც პირდაპირ პასუხობს პანდემიის შედეგად გამოწვეულ საჭიროებებს. ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა, ყველა ანალიზის, სამედიცინო კვლევის პასუხი ერთად, სამედიცინო ვიზიტების ისტორია, ნაკლები ფურცელი და მეტი სიმარტივე არის ის, რასაც medik-ი მომხმარებელს სთავაზობს. უფრო მეტს ინტერვიუდან შეიტყობთ.

ლაშა, medik-ი უკვე გაშვებულია. როგორია თქვენი პირველადი შედეგები?

ჩვენი აპლიკაცია ტესტირებისთვის 21 სექტემბერს „ჩაჩავას კლინიკაში“ გაეშვა, 2021 წლის 1-ელ ნოემბერს „ავერსის კლინიკის“ ცენტრალური ფილიალიც დავიმატეთ. 20 დეკემბერს კი მათი 12-ვე ფილიალი მოვიცავით. ჩვენი KPI-ის მიხედვით, დღეში ასობით სამედიცინო ინფორმაცია იგზავნება. კმაყოფილების დონე ძალიან მაღალია, განსაკუთრებით, როცა აპლიკაციის ღირებულებას მომხმარებელი ერთმანეთს უზიარებს. პაციენტებს ძალიან მოსწონთ ის, რომ PDF-ის და ქაღალდის ტარების ნაცვლად, ყველაფერი, მათ შორის დანიშნულებები, ანალიზები და ისტორია medik-შია თავმოყრილი.

გამოიკვეთა თუ არა უკვე მომხმარებელთა მოთხოვნები? რას ელოდებიან ისინი ამ აპლიკაციისგან?

მათ ცალსახად სურთ, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ინფორმაცია medik-ის საშუალებით იყოს ხელმისაწვდომი, და მარტივი წვდომა ჰქონდეთ საკუთარ ჩანაწერებზე. სამწუხაროდ, ბევრ კლინიკას ნაკლებად აინტერესებს პაციენტისთვის დამატებითი ღირებულების შექმნა. ტექნოლოგიას, თუნდაც ახალი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვას, უყურებენ როგორც არამიზნობრივ ხარჯს, ასე რომ ჩვენი რჩევაა, პაციენტებმა მიმართონ ისეთ მაღალტექნოლოგიურ კლინიკებს, სადაც medik-ი იქნება დანერგილი, რადგან ცუდი ინფრასტრუქტურის მქონე კლინიკასთან ჩვენ არ ვითანამშრომლებთ.

საწყის ეტაპს რომ დავუბრუნდეთ, ვისთვის შეიქმნა medik-ი? რა გახდა მისი შექმნის ამოსავალი წერტილი?

სამედიცინო ინდუსტრია დღემდე „შეუღწევადია“. ამ სექტორის სრული დიგიტალიზაცია მნიშვნელოვანია. გაციფრულებით ყველა მხარე სარგებელს მიიღებს: პაციენტებს წვდომა ექნებათ სამედიცინო ჩანაწერებზე, სამედიცინო დაწესებულებებიც ისარგებლებენ, ვინაიდან მათ ექიმებს ჰოლისტური ხედვა ექნებათ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ნაკლებ დროს დახარჯავენ არასტრუქტურიზებული ინფორმაციის ძიებაზე. ექიმის მეტი დრო მეტი პაციენტის მომსახურებას ნიშნავს, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება კლინიკის ფინანსურ შემოსავალზე. სწორედ ეს მიდგომა და ხედვა გახდა ამ აპლიკაციის შექმნის საფუძველიც. ჩვენ გვსურს, ამას ხელი შევუწყოთ და პროცესები საქართველოში ამ კუთხითაც დავძრათ. დღემდე ამ აპლიკაციის განვითარებაში დაახლოებით $60 000-ია ინვესტირებული. გვყავს ჩვენი ენჯელ-ინვესტორიც.

თქვენი აზრით, სად დგას დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა სერვისების გაციფრულების კუთხით?

სამწუხაროდ, მძიმე სიტუაციაა უმეტეს კლინიკაში. ბაზარზე არიან თაღლითი მოთამაშეებიც, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებს ხარვეზიან პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობენ. განსაკუთრებული პრობლემა გვაქვს ლაბორატორიებსა და რადიოლოგიაში. არაფერს ვამბობ აპლიკაციების განვითარებაზე. ჩვენი მიზანია, რომ არა მარტო medik-ი დავუნერგოთ კლინიკას, არამედ ერთმანეთთან დავაკავშიროთ ისინი, ვიყოთ პირველი კომპანია, რომელიც სამედიცინო ტურიზმსაც განავითარებს.

რამდენად არის მზად საქართველოს მოსახლეობა medik-ის აქტიურად გამოსაყენებისთვის იმ ფონზე, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ინტერნეტზეც კი არა აქვს წვდომა?

ჩვენი დიზაინი იმდენად მარტივია, რომ ვინც სმარტფონში სოციალური ქსელის „მესენჯერს“ იყენებს, შეძლებს medik-ის გამოყენებას. სამწუხაროდ, საქართველოშიც, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაღალმთიანი რეგიონების ინტერნეტიზაცია პრობლემაა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.

თანამშრომლობა დაიწყეთ „ჩაჩავას“ და „ავერსის“ კლინიკებთან, დღეს რამდენი სამედიცინო დაწესებულებაა თქვენს ანგარიშზე?

ბოლო პერიოდში დაგვემატა რამდენიმე სტომატოლოგიური და ლაბორატორიული დაწესებულება, უკვე შიდა ტესტირების ეტაპზე ვართ, ჯამში 20-მდე სამედიცინო დაწესებულებაში შევედით.

ერთია, რამდენად მზად არიან თავად კლინიკები თანამშრომლობისთვის, თუმცა მეორე – რამდენად ტექნიკურად არის მზად სამედიცინო პერსონალი? თქვენი დაკვირვებით, სად არის დაბრკოლება და პრობლემა?

აქაც სამწუხარო ფაქტია, რომ კლინიკები ტექნოლოგიური გამოცდილების ადამიანს არ აფასებენ. ნათქვამია „თუ მხოლოდ ჩაქუჩი გაქვს, ყველაფერი ლურსმანი გგონია“, არაკომპეტენტური ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნებისმიერ დაწესებულებას ძალიან ძვირად დაუჯდება. ეს ნამდვილად პრობლემაა.

კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, საინტერესოა, მოხვდება თუ არა ე.წ. მწვანე პასპორტიც თქვენს აპლიკაციაში?

ჩვენ დღესვე მზად ვართ ამისთვის. შემოდგომაზე ჩვენ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით, რომ დაავადებათა და კონტროლის ცენტრის სერვერზე დავერთდეთ და ჩვენც დავეხმაროთ სახელმწიფოს კოვიდპანდემიის დაძლევაში. ველით პასუხს მათგან.  ამ ხალხმა მიგვიღო, მოგვისმინა და ვიმედოვნებ, რომ ერთად ბევრ რაიმეს შევქმნით ამ სექტორში. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს, ჩვენი ტექნოლოგია და გამოცდილება პანდემიის დასაძლევად გამოიყენონ.

medik-ის 2022 წლის მიზანი რა არის?

საქართველოში medik-ის საშუალებით უნდა დაიწყოს და დასრულდეს სამედიცინო დაწესებულებებთან პაციენტის ინტერაქცია. დაფუძნებიდან ჩვენი მთავარი მიზანი რეგიონული განვითარებაა და ყველაზე დიდი ღირებულების შემქმნელი პროდუქტის დანერგვა სამედიცინო სექტორში. ვაპირებთ, გავცდეთ საქართველოს ფარგლებსაც. წლის ბოლომდე კიდევ ერთ ქვეყანაში მაინც შევალთ. მოვიაზრებთ აზერბაიჯანს, სომხეთს, უზბეკეთს, უკრაინასა და ყაზახეთს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.