ირაკლი რუხაძემ ინგლისის სასამართლოში დავა წააგო - მას $170 მლნ-ის გადახდა დაეკისრა

ირაკლი რუხაძემ ინგლისის სასამართლოში დავა წააგო - მას $170 მლნ-ის გადახდა დაეკისრა

დღეს, 19 მარტს, ინგლისისა და უელსის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, TV Imedi-ის მფლობელ ირაკლი რუხაძესა და მის ბიზნესპარტნიორებს Revoker-ისა და Recovery Partners-ისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრათ.

განაჩენის მიხედვით, ირაკლი რუხაძესა და მის ბიზნსეპარტნიორებს – ბენჯამენ მარსონსა და იგორ ალექსეევს – ზემოხსენებული კომპანიებისთვის 170 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2018 წელს ბრიტანულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუხაძის კომაპნია Hunnewell Partners-ი არღვევდა Salford Capital Partners International-ის (Revoker-ისა და Recovery Partners-ის მშობელი კომპანია) CEO-სა და მფლობელის, იუჯინ ჯაფის მიმართ ფიდუციურ ვალდებულებებს. ეს კომპანია პატარკაციშვილის ოჯახს აქტივების დაბრუნებაში ეხმარებოდა.

2009 წლის დეკემბერში ირაკლი რუხაძემ Salford-ში დირექტორის თანამდებობა დატოვა, ჰოლდინგის მიერ დაფუძნებული კომპანიები კი მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების სქემას ჩამოაშორა. სანაცვლოდ, მან და მისმა ბიზნესპარტნიორებმა, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა დააფუძნეს Hunnewell Partners-ი, რომელმაც ეს პროექტი მიითვისა და განახორციელა. შედეგად, რუხაძის ჰოლდინგმა მომსახურების პროცენტთან ერთად მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი და აქტივები მიიღო.

ინგლისის სასამართლომ ირაკლი რუხაძეს და მის პარტნიორებს Salford-ის კომპანიებისთვის, Recovery Partners GP Limited-ისა და Revoker LLP-ისთვის, პროექტის წართმევის გამო, $170-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ბრალდებულებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა დღევანდელი განაჩენის მიხედვით, მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

„ბუნებრივია, იმედგაცრუებული ვართ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც ჩვენი საჩივარი უარყო.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ჩვენს წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება, საქმის სირთულე და ის შეკითხვები, რომლებსაც იგი თანამედროვე ფიდუციურ ურთიერთობებზე წარმოშობს, აშკარად იკვეთება“, – განაცხადა Forbes Georgia-სთან Hunnewell Partners-ის წარმომადგენელმა.