ირანული ბანკები SWIFT-ზე წვდომას იბრუნებენ

ირანული ბანკები SWIFT-ზე წვდომას იბრუნებენ

9 ირანულმა ბანკმა საერთაშორისო ანგარიშსწორების გლობალურ სისტემა SWIFT-თან წვდომა მიიღო. 2012 წელს დაახლოებით 30 ირანული ბანკი გაითიშა SWIFT-დან თეირანის წინააღმდეგ შემოღებული საერთაშორისო სანქციების ფარგლებში. ახლა კი, როცა სანქციები იხსნება, ბანკებს ოპერაციების განახლების უფლება ეტაპობრივად ეძლევათ. “ბანკები დღეიდან SWIFT-ზე წვდომას იღებენ. ჩვენს ბანკებს დრო დასჭირდათ, რათა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოემზადებინათ და დღეს მათ მუშაობის განახლება შეუძლიათ”, – განაცხადა ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა, მოჰსენ ჯალაპურმა.

თუმცა, ირანს მხოლოდ ის სანქციები ეხსნება, რომლებიც ბირთვულ პროგრამასთან იყო დაკავშირებული, აშშ-ის მიერ ადრე დაწესებული ბევრი სხვა შეზღუდვა ისევ ძალაში რჩება. ამიტომ, სხვა ქვეყნების ბანკებისგან განსხვავებით, ამერიკულ ბანკებს კვლავ ეკრძალებათ ირანში საქმიანობა. ამასთან თეირანმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ჩინეთის, ინდოეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის და თურქეთის ბანკებში ადრე გაყინული $100 მილიარდის აქტივებზე დაიბრუნა წვდომა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *