ისრაელის პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც პალესტინელი ლტოლვილების საკითხებზე მომუშავე გაეროს სააგენტო UNRWA-ის ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს. ქნესეთში დარეგისტრირებული კანონპროექტი ორგანოსთან ურთიერთობების გაწყვეტას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ხანია, რაც პალესტინის საკითხებზე ორიენტირებულ გაეროს სააგენტოს „ჰამასთან“ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. გაეროს ორგანოს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება კი ისრაელის მხრიდან სააგენტოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების უკანასკნელი გამოვლინებაა.
ქნესეთის საინფორმაციო სამსახურის თანახმად, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს. ახლა კი ის განსახილველად საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტს გადაეგზავნება. კანონპროექტი ქნესეთის წევრმა იულია მალინოვსკიმ წარადგინა და ის UNRWA-ს „ისრაელში არსებულ მეხუთე კოლონად“ მოიხსენიებს.
UNRWA 1949 წელს შეიქმნა და ის გაეროს სპეციალური პროგრამაა, რომელიც პალესტინელი ლტოლვილებისათვის დახმარების აღმოჩენის საკითხებზე მუშაობს. სააგენტო ღაზის სექტორში, „დასავლეთ სანაპიროზე“, იორდანიაში, ლიბანსა და სირიაში გადაადგილებულ პალესტინელებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს და განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ორგანოს ისრაელის ხელისუფლებასთან დიდი ხანია, რაც დაძაბული ურთიერთობა აქვს, თუმცა მხარეებს შორის სიტუაცია ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ განსაკუთრებით გამწვავდა. ისრაელელი პოლიტიკოსები სააგენტოს ქვეყნიდან გასვლას ითხოვენ.
ისრაელის ხელისუფლების მტკიცებით, UNRWA-ის ასობით თანამშრომელი ტერორისტული ორგანიზაციების, „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ წევრები არიან. თუმცა აღნიშნულის შესახებ მტკიცებულებები გაეროს წარმომადგენლებისათვის ჯერ არ მიუწოდებიათ.
UNRWA-ის პრესსპიკერის, ჯულიეტ ტოუმას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციის დაშლის კამპანიის კიდევ ერთი მცდელობაა.