ისრაელისა და თურქეთის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ 2008 წლის შემდგომ პირველად შეხვდნენ

ისრაელისა და თურქეთის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ 2008 წლის შემდგომ პირველად შეხვდნენ

2008 წლის შემდგომ პირველად, თურქეთისა და ისრაელის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ მოლაპარაკებებზე შეხვდნენ. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდს შორის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.

ისრაელსა და თურქეთს შორის პალესტინის საკითხის გამო დაძაბული ურთიერთობა, ბოლო პერიოდში შედარებით აღდგა. ცოტა ხნის წინ მხარეებმა გაყინული დიპლომატიური ურთიერთობების განახლებაც დააანონსეს. ამჟამად ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძირითადი სფერო ენერგეტიკაა.

„ჩვენ, მრავალწლიანი კრიზისის შემდგომ, ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები განვიხილეთ, რაც მოიცავს ეკონომიკის, ენერგეტიკის სფეროებსა და რეგიონულ პროცესებს. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ისრაელში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა იაირ ლაპიდმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2018 წელს, ელჩების გაწვევის შემდგომ შეჩერდა. ელჩების გაწვევის მიზეზი შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით საპროტესტო გამოსვლების დროს ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიერ სამოცი პალესტინელის მოკვლა გახდა.

ცნობისთვის, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა კვლავ მოითხოვა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთი იერუსალიმი იქნება. თუმცა, როგორც თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, ქვეყნის მიზანი ისრაელთან ურთიერთობის გაძლიერებაცაა, არამხოლოდ რეგიონის, არამედ ისრაელის, პალესტინელი ხალხისა და მათი მომავლის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *