ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. გარიგება ისრაელისთვის არაბულ სახელმწიფოებთან დადებული პირველი დიდი შეთანხმებაა, რომელიც აღმოსავლეთის ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდგომ, ქვეყნებს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაცია Twitter-ის საკუთარ გვერდზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ისრაელის ელჩმა, ამირ ჰაიეკმა გაავრცელა. გარიგებას ხელი ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა ორნა ბარბივამ და მისმა კოლეგამ, გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრმა აბდულა ბინ თუქ ალ მარიმ მოაწერეს.
ნავთობით მდიდარი არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის ეს რიგით მეორე ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა. საამიროებმა მისთვის პირველ შეთანხმებას ხელი თებერვალში, ინდოეთთან მოაწერა. ქვეყანა პანდემიის შემდგომ დასუსტებული ეკონომიკის აღდგენას დიდი ძალისხმევით ცდილობს და ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებებისთვის მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის ინდონეზიასა და სამხრეთ კორეასთანაც აწარმოებს.
ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კავშირი 2020 წელს, აშშ-ის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებით დაამყარეს. შეთანხმების შედეგად საამიროებმა თავის მრავალწლიან პოლიტიკას უღალატა, რადგან ქვეყანა ისრაელთან კავშირებამდე პალესტინის სახელმწიფოს შექმნას მოითხოვდა. იმავე წელს ისრაელი ბაჰრეინმა და მაროკომაც აღიარეს.