საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), ივლისში, წინა თვესთან შედარებით, 202.32 მლნ ლარით, 0.35%-ით შემცირდა. შედეგად, თვის ბოლოსთვის მაჩვენებელმა 57.14 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.89%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 420.90 მილიონი ლარით, 1.34%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 623.23 მილიონი ლარით, 2.41%-ით შემცირდა.
სებ-ის ინფორმაციით, ივლისის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 9.37 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით – 16.18 მილიარდი ლარი შეადგინა. პირველ შემთხვევაში წინა თვესთან შედარებით 0.12%-იანი მატება, მეორე შემთხვევაში კი 2.27%-იანი კლება დაფიქსირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისის განმავლობაში 0.77%-ით, 227.90 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თვის ბოლოსთვის 29.74 მილიარდი ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ივლისის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.76% შეადგინა. ეს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.93 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მონაცემია.