საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1.51%-ით, 825.97 მილიონი ლარით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 55.66 მილიარდ ლარს მიაღწია. ცნობისთვის, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 2.98% შეადგინა.
სებ-ის ცნობით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 213.61 მილიონი ლარით, 0.89%-ით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 2.21% შეადგინა. მოთხოვნამდე დეპოზიტების შემთხვევაში 1.98%-იანი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.58%-ით გაიზარდა), 612.36 მილიონი ლარით ზრდა დაფიქსირდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი ივლისის ბოლოსთვის 51.50%-ს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0.18%-ით არის შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.96% შეადგინა – ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.13%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.33%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.90%, ხოლო ევროს წილმა 20.27% შეადგინა.