JCB CAUCASUS – ბრიტანული პრემიუმბრენდი და ექსკლუზიური სანახაობა

JCB CAUCASUS – ბრიტანული პრემიუმბრენდი და ექსკლუზიური სანახაობა

რეგიონში JCB-ის ტექნიკაზე მოთხოვნა გაზრდილია. ბრიტანული ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში TEGETA CONSTRUCTION EQUIPMENT-ია, რომელიც წლის ბოლომდე ბაზრისთვის კიდევ რამდენიმე ახალი პროდუქტის შეთავაზებას გეგმავს. JCB-ის ინოვაციური ტექნიკის წარსადგენად ბათუმში გრანდიოზული ღონისძიებაც გაიმართა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანია Tegeta Construction Equipmentმა, რომელიც 2007 წლიდან ბაზარს სამშენებლო და საგზაო ტექნიკით ამარაგებს, ბიზნესპარტნიორებსა და კორპორაციულ კლიენტებს საქართველოში უმასპინძლა. მასშტაბური ღონისძიება ბათუმის ფილიალში გაიმართა, სადაც სამშენებლო და საგზაო ტექნიკის ექსპოზიცია მოეწყო. ორდღიან ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები JCB-ის გამორჩეულ მოდელებსა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.

ღონისძიების შედეგები უკვე გაყიდვების მაჩვენებელზეც აისახა. Tegeta Construction Equipment-ის დირექტორი, გიორგი ბერიძე ამბობს, რომ საერთაშორისო ექსპოზიციის შემდეგ, ბრიტანული პრემიუმ-ბრენდის ტექნიკით დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა.

„თუ ჩვენი პარტნიორების რეაქციებით ვიმსჯელებთ, „JCB კავკასია“ ნამდვილად ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენი მიზანი რეგიონის მასშტაბით მომხმარებლებისთვის ბრენდის სრული სამოდელო რიგის ჩვენება იყო. საუბარია როგორც JCB-ის სტანდარტულ, საქართველოში უკვე პოპულარულ პროდუქტებზე, ასევე ინოვაციურ მოდელებზე“, – აღნიშნა გიორგი ბერიძემ.

ექსპოზიცია და მსოფლიოში ცნობილი JCB Dancing Diggers-ის შოუ რეგიონში პირველად ,,თეგეტას“ ორგანიზებით შედგა. მოწვეული სტუმრებისთვის და Tegeta Construction Equipment-ის ბიზნესპარტნიორებისთვის JCB-ის ტექნიკის შესაძლებლობები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

შთამბეჭდავ ღონისძიებაზე ბრიტანეთიდან საგანგებოდ ჩამოსულმა JCB-ის სადემონსტრაციო გუნდის წევრებმა 200-მდე სტუმრისთვის ,,მოცეკვავე“ სპეცტექნიკის შოუ წარმოადგინეს. ამასთან ღონისძიებაზე დამსწრეებმა JCB-ის წარმოების ინოვაციური და უნიკალური ბორბლიანი ექსკავატორის, Hydradig-ის დემო-შოუც იხილეს.

პარალელურად, JCB Caucasus-ის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე დაეთვალიერებინათ ბრიტანული ბრენდის სხვადასხვა დანიშნულების სპეცტექნიკა. მათ შორის იყო 3CX ექსკავატორ-დამტვირთველი – ეს JCB-ის ინოვაციური გამოგონებაა, რომელიც 1953 წელს შეიქმნა, დღეს კი უკვე 750 000-ზე მეტ გაყიდულ ერთეულს ითვლის.

ღონისძიებაზე ასევე მოეწყო სპეციალური, ეკოლოგიური კუთხე, სადაც ბრიტანული ბრენდის ელექტროტექნიკა იყო განთავსებული. სტუმრებს წარუდგინეს JCB-ის სრულად ელექტრიფიცირებული ამწე პლატფორმა ნულოვანი გამონაბოლქვით. საერთაშორისო მასშტაბით, სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს შორის, JCB-ს ელექტროსპეცტექნიკის წარმოების ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს.

ელექტრიფიცირებული ტექნიკა არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, ამასთან მკვეთრად შემცირებულია ხმაური, რაც ზრდის აღნიშნული ტექნიკის გამოყენების უპირატესობას ინფრასტრუქტურულ პროექტებში როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში შიდა სამუშაოების შესასრულებლად. გარემოზე ზრუნვის პრინციპით წარმოებულ ტექნიკას ნულოვანი გამონაბოლქვით კომპანია 150 ქვეყანას აწვდის. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა, სადაც ბრიტანული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი Tegeta Construction Equipment-ია.

„გვინდოდა, ის სიახლეები, რასაც JCB ბაზარს სთავაზობს, ჩვენს მომხმარებლებს შეეფასებინათ და ტექნიკის შესაძლებლობები საკუთარი თვალით ენახათ. ასევე გვინდოდა, ჩვენი ტექნიკის მიმართ კიდევ უფრო მეტი ინტერესი გამოგვეწვია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოლოდინი გამართლდა“, – ამბობს Tegeta Construction Equipment-ის დირექტორი.

მაღალი კლასის სპეცტექნიკასთან ერთად Tegeta Construction Equipment-ი მომხმარებლებს გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებასაც სთავაზობს. JCB-ის მომხმარებლებს ტექნიკის ყიდვის შემდეგ ,,თეგეტას“ სხვადასხვა სერვისცენტრითა და მობილური ჯგუფებით სარგებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლიათ.

უახლოეს მომავალში იგეგმება ბაზარზე JCB Finance პროგრამის დანერგვაც, რითაც მომხმარებლებს „თეგეტა“ კიდევ უფრო გამარტივებულ პირობებს და მოქნილ ფინანსურ გადაწყვეტილებებს შესთავაზებს.

„ერთ-ერთი პირველები ვიქნებით, ვინც კავკასიის რეგიონში ბაზარს ახალ მოდელებს გააცნობს. 2023 წელს იგეგმება JCB-ის ექსკავატორ-დამტვირთველების განახლებული და კიდევ უფრო ეფექტური სამოდელო ხაზის წარმოებაში ჩაშვება, ასევე მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება JCB-ის წარმოების აგრომიმართულების ტექნიკის მხრივაც“ – აღნიშნავს გიორგი ბერიძე.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment-ი, პრემიუმ-ბრენდს საქართველოსთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანშიც წარმოადგენს. Tegeta Construction Equipment-ი მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიის გათვალისწინებით წარმატებით ოპერირებს და რეგიონში ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

„აზერბაიჯანის ბაზარზე რამდენიმე თვის წინ შევედით და უკვე ხელშესახები შედეგები გვაქვს. ვგეგმავთ, რომ საქართველოსა და სომხეთში ჩვენი გამოცდილებისა და წარმატებული სტრატეგიის გამოყენებით, ეს შედეგები აზერბაიჯანში გავასამმაგოთ და მაქსიმალურად ავითვისოთ არსებული პოტენციალი“, – აღნიშნა გიორგი ბერიძემ.

Tegeta Construction Equipment-ის ხელმძღვანელი სამომავლო გეგმებსაც გვიზიარებს და ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში კომპანია კიდევ უფრო გაფართოებას აპირებს ფილიალებისა და ახალი პოტენციური ბაზრების ჭრილში. განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია უკვე გაწერილია და JCB-ის მხარდაჭერით კომპანია წარმატებით მიჰყვება ყველა დასახულ გეგმას.