მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის – ჯეფ ბეზოსის ქონების ღირებულებამ Forbes-ის უმდიდრესთა სიაში $213 მილიარდს მიაღწია, რაც სიმდიდრის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. მსგავსია მონაცემი Bloomberg-ის რეიტინგშიც, სადაც ცოტა ხნის წინ ამ რიცხვს ილონ მასკიც მიუახლოვდა, როდესაც იანვარში მისი ქონების ღირებულება დროის მცირე მონაკვეთის განმავლობაში $210 მილიარდამდე იყო ასული.
ჯეფ ბეზოსის ქონების მნიშვნელოვანი ზრდა პენტაგონის მიერ Microsoft-თან მონაცემთა დისტანციური დამუშავების (cloud-computing) $10-მილიარდიანი კონტრაქტის გაუქმებას უკავშირდება. ვინაიდან Microsoft-ი კომპანია Amazon.com-ის კონკურენტია, პენტაგონის ამ ნაბიჯს Amazon-ის აქციების 4.7%-იანი ზრდა მოჰყვა, რის შედეგადაც Amazon-ის დამფუძნებელი ბეზოსის ქონება $ 8.4 მილიარდით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ 5 ივლისს ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ამჟამად ბეზოსი კომპანიაში მოღვაწეობას მმართველი საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციიდან აგრძელებს, საიდანაც, როგორც თავად განაცხადა, თავის ენერგიასა და ყურადღებას ახალი პროდუქტებისა და ინიციატივებისკენ უფრო აქტიურად მიმართავს.