ჯეფ ბეზოსი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, კოსმოსში დღეს გაფრინდება

ჯეფ ბეზოსი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, კოსმოსში დღეს გაფრინდება

ჯეფ ბეზოსი საკუთარი კოსმოსური ხომალდით ფრენას დღეს შეასრულებს. Blue Origin-ის ხომალდი, New Shepard-ი, სუბორბიტალურ ისტორიულ ფრენას სულ რამდენიმე საათში განახორციელებს. აღნიშნული მოვლენა კოსმოსში კერძო მოგზაურობისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ამერიკელი მილიარდერი დასავლეთ ტეხასიდან გაფრინდება და ვოიაჟის ხანგრძლივობა 11 წუთი იქნება. საინტერესოა, რომ ბეზოსამდე ცხრა დღით ადრე ბავშვობის ოცნება კიდევ ერთმა მილიარდერმა, რიჩარდ ბრენსონმაც, აიხდინა. მართალია, ბრენსონი კოსმოსში ბეზოსამდე გაფრინდა, თუმცა ეს უკანასკნელი ღია კოსმოსში უფრო დიდ სიმაღლეზე აფრინდება. Blue Origin-ის ხომალდი კოსმოსში 14 კილომეტრით მაღლა იქნება.

კოსმოსური ხომალდი, ამერიკელი მილიარდერის გარდა, ეკიპაჟის კიდევ სამი წევრით იქნება დაკომპლექტებული. ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში მისი ძმა მარკი, 82 წლის უოლი ფანკი და 18 წლის ოლივერ დემენი გაფრინდებიან. ეს უკანასკნელი კი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდება, ვინც ოდესმე კოსმოსში ყოფილა.

Blue Origin-ის ხომალდი New Shepard-ი 18.3 მეტრის სიგრძის სრულად ავტონომიური რაკეტაა, რომლის მართვაც შიგნიდან შეუძლებელია. ის სრულად კომპიუტერის დახმარებით ფუნქციონირებს და ხომალდის ბორტზე არც ერთი Blue Origin-ის წევრი არ იქნება. შედარებისათვის, რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic-მა კოსმოსში ასაფრენად კოსმოსური თვითმფრინავი გამოიყენა, რომელსაც პილოტები მართავდნენ.

ბეზოსის ხომალდი დაახლოებით 100 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდება, რაც დედამიწის ატმოსფეროსა და კოსმოსს შორის გამყოფ ხაზად მიიჩნევა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *