Blue Origin-ით კოსმოსში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გაფრინდება

Blue Origin-ით კოსმოსში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გაფრინდება

18 წლის ახალგაზრდა პიროვნება Blue Origin-ის კოსმოსური რეისით ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანი გახდება, ვინც ოდესმე კოსმოსში ყოფილა. საინტერესოა ისიც, რომ მასთან ერთად კოსმოსში 82 წლის ადამიანი იმოგზაურებს, რომელიც კოსმოსში გაფრენილი ყველაზე მოხუცი ადამიანი იქნება მსოფლიო ისტორიაში.

Blue Origin-მა სამშაბათს განაცხადა, რომ კომპანიის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში 18 წლის ოლივერ დემენი გაემგზავრება. კომპანიის განცხადებით, ოლივერი პირველი მომხმარებელი იქნება, რომელმაც ბილეთი შეიძინა, თუმცა კომპანიაში ბილეთის ფასის დასახელებისაგან თავს იკავებენ.

ჯეფ ბეზოსა და ოლივერ დემენის გარდა, Blue Origin-ით კომპანიის დამფუძნებლის ძმა მარკი და უოლი ფანკი იქნებიან. უოლი ფანკი 1960-იან წლებში NASA-ს Mercury 7 მისიის ერთ-ერთი კანდიდატი უნდა ყოფილიყო, თუმცა მისიაში მონაწილეობის საშუალება მას სქესის გამო არ მიეცა.

ეკიპაჟის  ოთხი  წევრი დასავლეთ ტეხასიდან, შეერთებული შტატებიდან აფრინდება და კოსმოსში დაახლოებით 10 წუთს დაყოფს.

Blue Origin-ის ინფორმაციით, ოლივერ დემენმა სკოლის დამთავრების შემდეგ პილოტის ლიცენზია აიღო, სექტემბრიდან კი სწავლას უტრეხტის უნივერსიტეტში განაგრძობს.

Blue Origin-მა განაცხადა, რომ მათ მიერ ჩატარებული  საქველმოქმედო აუქციონის გამარჯვებული კომპანიის მიერ დაგეგმილი შემდეგი ფრენით ისარგებლებს.

ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში მეორე ადამიანი გახდება, რომელიც კოსმოსში საკუთარი კოსმოსური ხომალდით გაფრინდება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Virgin Galactic-ის დამფუძნებელი, რიჩარდ ბრენსონი, კოსმოსში საკუთარი ხომალდით პირველად გაფრინდა.