მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, სერ ჯიმ რეტკლიფმა დაადასტურა, რომ გლეიზერების ოჯახისგან „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესაძენად მისი კომპანია Ineos-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ 70 წლის მილიარდერი, რომელიც ფეილსვორტში, დიდ მანჩესტერშია დაბადებული, „წითელი ეშმაკების“ ქომაგია.
შეგახსენებთ, გლეიზერების ოჯახმა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაახლოებით 17 წელია ფლობს, კლუბის გაყიდვის სურვილი გასული წლის ნოემბერში გამოთქვა. გაყიდვის პროცესის ექსკლუზიურ ფინანსურ მრჩევლად გლეიზერებმა The Raine Group-ი დანიშნეს, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში „ჩელსის“ გაყიდვაშიც მონაწილეობდა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენის მსურველს კლუბის შესყიდვა არც ისე იაფი დაუჯდება. როგორც The Guardian-ი წერს, გლეიზერები მის სანაცვლოდ დაახლოებით 5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის მიღებას იმედოვნებენ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ჯიმ რეტკლიფის ქონებას Forbes-ი 15.5 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს, რაც მოცემული დროისთვის მას მსოფლიოს რიგით 112-ე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.
რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედს“, მას ამერიკული გამოცემა $4.6 მილიარდად აფასებს, რაც ამ უკანასკნელს მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე ძვირად ღირებულ საფეხბურთო კლუბად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ Ineos Group-ის მილიარდერმა მფლობელმა, რომლის საკუთრებაშიც ფრანგული საფეხბურთო კლუბი „ნიცაც“ შედის, განაცხადი „ჩელსის“ შესყიდვაზეც გააკეთა, თუმცა ლონდონური კლუბი ამერიკელი ბიზნესმენის, ტოდ ბოლის მეთაურობით შექმნილმა კონსორციუმმა შეიძინა.