„მანჩესტერ იუნაიტედი“ იყიდება - ვინ არიან პოტენციური მყიდველები?

„მანჩესტერ იუნაიტედი“ იყიდება - ვინ არიან პოტენციური მყიდველები?

გლეიზერების ოჯახი, რომელთა ქონებაც $4.7 მილიარდადაა შეფასებული, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაყიდვას გეგმავს. Sky News-ის მიერ გავრცელებული თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად, ოჯახი ინგლისის პრემიერლიგის კლუბისთვის გარე ინვესტიციას განიხილავს, რომელიც შესაძლოა, აუქციონშიც გადაიზარდოს.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გაყიდვა სავარაუდოდ მისასალმებელი სიახლე აღმოჩნდება კლუბის გულშემატკივრებისთვის, რომლებიც გლეიზერების ოჯახს, 17-წლიანი მფლობელობის განმავლობაში, ხშირად აკრიტიკებდნენ – უკმაყოფილება გამოიხატებოდა რეგულარულ პროტესტებში, სტადიონებზე მაყურებელთა შემცირებით. მართალია, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1990-იან და 2000-იან წლებში, სხვადასხვა საკლუბო ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული გახლდათ, ბოლო ტიტულის მოპოვება კლუბმა 2013 წელს შეძლო. გასულ სეზონში კი ინგლისის პრემიერლიგაში დაგროვებული ქულებით კლუბმა ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა.

Forbes-ი „მაჩესტერ იუნაიტედს“ $4.6 მილიარდად აფასებს, რაც მას მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე ძვირად ღირებულ საფეხბურთო კლუბად აქცევს. განცხადების მიუხედავად, გლეიზერებს საბოლოო გადაწყვეტილება კლუბის გაყიდვის თაობაზე არ მიუღიათ და დიდი ალბათობით, ოჯახი არც ნებისმიერ გარე ინვესტიციას დათანხმდება. თუმცა ეს ერთგვარი მოწვევაა დაინტერესებულ მყიდველთათვის, რადგან „იუნაიტედი“, ბოლო წლების წარუმატებლობების მიუხედავად, ფეხბურთის სამყაროში უმაღლეს აქტივად მიიჩნევა. კლუბის შესაძლო შემსყიდველებად კი რამდენიმე ძირითადი კანდიდატი შეიძლება, განვიხილოთ.

ინვესტორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან

გაყიდვის პროცესის ექსკლუზიურ ფინანსურ მრჩევლად „მანჩესტერ იუნაიტედმა“ The Raine Group-ი დანიშნა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში „ჩელსის“ გაყიდვაშიც მონაწილეობდა. ნიუ-იორკში დაფუძნებული ჯგუფის არჩევა შესაძლოა, მიუთითებდეს იმ ფაქტზე, რომ კლუბი სავარაუდო ინვესტორებს სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებიდან განიხილავს.

ევროპული ფეხბურთისადმი ამერიკელი ინვესტორების დაინტერესება კი საკმაოდ გაიზარდა. მხოლოდ წელს, მაისში, ტოდ ბოელის მეთაურობით შექმნილმა კონსორციუმმა 4.25 მილიარდ გირვანქა სტერლინგად „ჩელსი“ შეიძინა, ივნისში კი ამერიკულმა საინვესტიციო ჯგუფმა, RedBird Capital Partners-მა 1.2 მილიარდ ევროდ იტალიის ჩემპიონ „მილანის“ შესყიდვა დააანონსა. შესაბამისად, ამერიკელი ინვესტორების  „იუნაიტედით“ დაინტერესება, მათ შორის მათიც, რომლებმაც „ჩელსის“ შეძენა ვერ შეძლეს, გასაკვირი ნამდვილად არ იქნება.

თუმცა ერთ-ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი „იუნაიტედის“ მეტოქე „ლივერპულია“, რომელიც ასევე იყიდება. საინტერესოა ისიც, რომ „ლივერპულსაც“ ამერიკელი მფლობელი ჰყავს, Fenway Sports Group-ი, რომელიც ამჟამად ახალი ინვესტიციების ძიებაშია. ბოლოდროინდელი წარმატებებისა და განახლებული სტადიონის გამო, „ლივერპული“ შესაძლოა, უფრო მიმზიდველ აქტივად ჩაითვალოს, მაშინ როდესაც Old Trafford-ი არსებით სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს.

ინდივიდუალური მყიდველები

სერ ჯიმ რეტკლიფი, რომლის ქონებაც $13 მილიარდადაა შეფასებული, „იუნაიტედის“ დიდი ხნის გულშემატკივარია. რეტკლიფმა ოქტომბერში გლეიზერების ოჯახიც გაიცნო, რომელთაც, მისი განცხადებით, არ სურთ კლუბის გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ Ineos Group-ის მილიარდერმა მფლობელმა, რომლის საკუთრებაშიც ფრანგული საფეხბურთო კლუბი „ნიცაც“ შედის, განაცხადი „ჩელსის“ შესყიდვაზეც გააკეთა.

თუმცა ინდივიდუალურმა მყიდველებმა შესაძლოა, კლუბის დამოუკიდებლად შესყიდვისგან თავი შეიკავონ, რადგან $5 მილიარდი (ან უფრო მეტი) მათთვის მაღალი ფასია.

სუვერენული სიმდიდრის ფონდები

ევროპულ კლუბებს ქვეყნებთან დაკავშირებულ სუვერენულ ფონდებთან კავშირი უკვე აქვთ დამყარებული, მათ შორის არიან: „მანჩესტერ სიტი“ (აბუ-დაბის გაერთიანებული ჯგუფი), „ნიუკასლ იუნაიტედი“ (PIF, საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი) და „პარი-სენ-ჟერმენი“ (Qatar Sports Investments).

წარსულში გავრცელებული ხმების თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედით“ დუბაის სუვერენული ფონდი იყო დაინტერესებული. პოტენციურ მყიდველებს შორის შეიძლება, ნავთობით მდიდარი სხვა სახელმწიფოებიც მოიაზრებოდნენ, როგორიცაა ბაჰრეინი ან ქუვეითი, რომელთაც ევროპულ ფეხბურთში მოხვედრის რეალური სურვილი და შესაძლებლობა აქვთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *