ჯიმ რეტკლიფმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციების 25% შეიძინა

ჯიმ რეტკლიფმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციების 25% შეიძინა

ბრიტანეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, სერ ჯიმ რეტკლიფმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციების 25% შეიძინა, რაშიც $1.3 მილიარდის გადახდას დასთანხმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია Ineos-ის თავმჯდომარემ გლეიზერების ოჯახის საკუთრებაში არსებული B კლასის აქციები და A კლასის აქციები შეიძინა, რომლებიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. გარდა ამისა, რეტკლიფმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დამატებით $300 მილიონის ინვესტირების პირობა დადო. აქედან, ის 200 მილიონ აშშ დოლარს ტრანზაქციის დახურვისთანავე გამოყოფს, 100 მილიონ აშშ დოლარს კი 2024 წლის ბოლომდე.

აღსანიშნავია, რომ რეტკლიფსა და გლეიზერებს შორის მიღწეული შეთანხმება „მანჩესტერ იუნაიტედს“, ვალის ჩათვლით, $6.3 მილიარდად აფასებს.

შეგახსენებთ, გლეიზერების ოჯახმა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედს“ 17 წელზე მეტია ფლობს, კლუბის გაყიდვის სურვილი გასული წლის ნოემბერში გამოთქვა. გაყიდვის პროცესის ექსკლუზიურ ფინანსურ მრჩევლად გლეიზერებმა The Raine Group-ი დანიშნეს, რომელიც „ჩელსის“ გაყიდვაშიც მონაწილეობდა.

Ineos Group-ის მილიარდერმა მფლობელმა, რომლის საკუთრებაშიც ფრანგული საფეხბურთო კლუბი „ნიცაც“ შედის, განაცხადი „ჩელსის“ შესყიდვაზეც გააკეთა, თუმცა ლონდონური კლუბი ამერიკელი ბიზნესმენის, ტოდ ბოლის მეთაურობით შექმნილმა კონსორციუმმა შეიძინა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ჯიმ რეტკლიფის ქონებას Forbes-ი ამჟამად 23.3 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს, რაც მას მსოფლიოს რიგით 78-ე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.