ლიტერატურის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ნორვეგიელი მწერალი, ჯონ ფოსე გახდა. როგორც ნობელის პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ფოსეს პრესტიჟული ჯილდო „თავისი ინოვაციური პიესებისა და პროზისთვის გადაეცა, რომელიც უთქმელს ხმას ანიჭებს“.
ჯონ ფოსეს მრავალფეროვანი შემოქმედება, რომელიც ნორვეგიულ ნინორსკზე დაიწერა, მოიცავს პიესებს, რომანებს, პოეზიის კრებულებს, ესეებს, საბავშვო წიგნებსა და თარგმანებს. მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ ცნობილი დრამატურგია, სულ უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს ფოსეს პროზაული ნამუშევრები.
შეგახსენებთ, გასულ წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ფრანგი მწერალი, ანი ერნო გახდა. ერნომ ჯილდო გამბედაობისა და მახვილგონიერების გამო დაიმსახურა, რომელიც, შემფასებლების აზრით, მის შემოქმედებაში ნათლად ჩანს.
აღსანიშნავია, რომ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან დღემდე 116-ჯერ გაიცა. მათ შორის ეს ჯილდო 17-ჯერ ქალმა მიიღო.