JPMorgan Chase-ი VTB Bank-ს გაყინული აქტივების დაბრუნების მცდელობისთვის უჩივის

JPMorgan Chase-ი VTB Bank-ს გაყინული აქტივების დაბრუნების მცდელობისთვის უჩივის

ამერიკული ბანკი JPMorgan Chase-ი რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ VTB Bank-ს უჩივის. მიზეზი ამ უკანასკნელის მიერ $439.5 მილიონის მოცულობის გაყინული აქტივების ანგარიშიდან დაბრუნების მცდელობაა. შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ბანკი ამერიკული და ევროპული სანქციების ქვეშ მოხვდა.

JPMorgan Chase-მა საჩივარი მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა. საჩივარში აღნიშნულია, რომ VTB-ის მოთხოვნა გაყინული აქტივების დაბრუნებასთან დაკავშირებით დავების განხილვის შესახებ შეთანხმების დარღვევაა. კერძოდ, აშშ-ის უმსხვილესი ბანკის განმარტებით, ამერიკული კანონმდებლობა რუსეთის მეორე ყველაზე მსხვილი ბანკისათვის $439.5 მილიონის დაბრუნებას უკრძალავს. თავის მხრივ, VTB Bank-ი კი რუსეთში შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში არალეგალურად შეეცდება გაყინული აქტივების დაბრუნებას.

JPMorgan Chase-ის განცხადებით, დიდია იმის ალბათობა, რომ რუსული სასამართლო რუსულ ბანკს საჩივარს დაუკმაყოფილებს, რადგან მსგავსი შეღავათი ამერიკული და ევროპული ბანკების წინააღმდეგ რუსულმა სასამართლომ სულ მცირე კიდევ 6 რუსულ ბანკს უკვე მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ამერიკელმა პროკურორებმა VTB Bank-ის აღმასრულებელ დირექტორს ანდრეი კოსტინს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ბრალი წაუყენეს. იახტისა და მდიდრული სახლის გაყიდვის გამო ანდრეი კოსტინს ბრალი სანქციების დარღვევაში ედება. ანდრეი კოსტინი ამერიკული სანქციების ქვეშ 2018 წლიდან იმყოფება.

ცნობისთვის, VTB Bank-მა ამერიკულ ბანკში ანგარიში 2008 წელს აშშ დოლარში ტრანზაქციების შესასრულებლად გახსნა.