JPMorgan–ის დამწყები ანალიტიკოსები 100 000 დოლარს გამოიმუშავებენ

JPMorgan–ის დამწყები ანალიტიკოსები 100 000 დოლარს გამოიმუშავებენ

JPMorgan Chase-ის დამწყები ანალიტიკოსების ანაზღაურება 85 000 დოლარიდან 100 000 დოლარამდე გაიზარდა. გადაწყვეტილება ძალაში 1-ელ ივლისს შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მილენიალები და თაობა Z უკვე ექვსნიშნა ხელფასს გამოიმუშავებენ.

ანაზღაურება გაეზარდათ JPMorgan-ის მეორე და მესამე წლის ანალიტიკოსებსაც – მეორე წლის ანალიტიკოსებს 90,000-დან 105,000-მდე, ხოლო მესამე წლის ანალიტიკოსებს –  95,000-დან 110,000 დოლარამდე.

ანაზღაურების მკვეთრი ზრდა უმცროსი ანალიტიკოსებისთვის JPMorgan-ს ყველაზე შემოსავლიან და მოთხოვნად ბანკად აქცევს. აღნიშნული გადაწყვეტილება ნიჭიერი ახალგაზრდების მოსაზიდად, Wall Street-ისა და Silicon Valley-ის საწინააღმდეგოდ მიმართული გონიერი ნაბიჯია, სადაც მრავალი ტექნოლოგიური კომპანია თანამშრომლებს დისტანციური მუშაობისთვის გაცილებით უფრო მოქნილ გრაფიკს სთავაზობს.

საბანკო კულტურა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც Goldman Sachs-ის უმცროსი ანალიტიკოსების ჯგუფმა დაწვრილებით აღწერა 95-საათიანი სამუშაო კვირები და ხუთსაათიანი ძილი დღე-ღამის განმავლობაში. ამან Goldman Sach-ი აიძულა, პირობა დაედო, დაეჩქარებინა უმცროსი ბანკირების დაქირავებისა და თანამშრომლების შაბათობით სამუშაოებისგან გათავისუფლების პროცესი.

პანდემიის შესუსტებასთან ერთად ბევრ კომპანიას უჭირს თანამშრომელთა პოვნა – განსაკუთრებით დაბალი ანაზღაურების მქონე პოზიციებზე. ამასთან, მთავრობის სტატისტიკის თანახმად, აპრილში აშშ-მა რეკორდული რაოდენობის – 9,3 მილიონი სამუშაო ადგილი გახსნა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ JPMorgan–მა, უმცროსი ანალიტიკოსებისთვის ანაზღაურების გაზრდის გარდა, ამ კვირაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რაც ახალგაზრდა მომხმარებლების მოზიდვას ემსახურება. ბანკმა სტარტაპ OpenInvest-ის შესაძენად გარიგება გამოაცხადა, რომელიც განსაკუთრებით მილენიალთა შორის არის პოპულარული.

შეგახსნებთ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების მოსაზიდად გაჩაღებულ ომს Bank of America-ც შეუერთდა, რომელმაც გასულ თვეში გამოაცხადა, რომ 2025 წლისთვის მისი ამერიკელი თანამშრომლებისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების 25 დოლარამდე გაზრდას გეგმავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *