JTI საქართველოში 2021 წლის საუკეთესო დამსაქმებლად აღიარეს

JTI საქართველოში 2021 წლის საუკეთესო დამსაქმებლად აღიარეს

თამბაქოს მწარმოებელი წამყვანი საერთაშორისო კომპანია Japan Tobacco International-ი საქართველოში, ევროპასა და გლობალურად საუკეთესო დამსაქმებლად დასახელდა. „JTI თანამშრომლის განვითარებასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის ყველაზე ფასეული აქტივი და უმთავრესი ღირებულება თანამშრომელია”, – ამბობს კომპანიის ადამიანური რესურსებისა და კორპორაციული კულტურის დირექტორი ალია ალდაშევა. ჩვენ მას ფასეულობების, ადამიანური რესურსებისა, კორპორაციული კულტურის და საინტერესო პროექტების შესახებ ვესაუბრეთ.

JTI-მ Top Employer-ის ტიტული თანამშრომელთა მიმართ ერთგულების, გამორჩეული მზრუნველობის, მათი განვითარების ხელშეწყობისა და საუკეთესო შრომითი პირობებისათვის მოიპოვა. რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის?

თანამშრომლების ბედნიერებისა და კეთილდღეობისკენ მიმართული პირობები, მუდმივი განვითარება, კარიერული წინსვლა, საერთაშორისო გარემო, თანამედროვე ბენეფიტები – ეს იმ ფაქტორთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც JTI-ს Top Employer-ის ჯილდო მოუტანა. JTI წელს 16 საერთაშორისო კომპანიას შორის მოხვდა, რომელმაც აღნიშნული სტატუსი გლობალურად მიიღო. კომპანია საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდოს უკვე მეშვიდედ იღებს. ჯილდოს გადაცემას წელსაც წინ უძღოდა Top Employer-ის ინსტიტუტის (ნიდერლანდი) მიერ ჩატარებული დეტალური კვლევა. გულდასმით შეფასდა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ბიზნესისა და ადამიანების მართვის სტრატეგია, ლიდერობა, ორგანიზაციული სტრატეგია და ცვლილებები, ციფრული ტექნოლოგიები მართვაში, სამუშაო გარემო და პირობები, დამსაქმებლის ბრენდი, ტალანტების მოზიდვისა და ონბორდინგის სტრატეგია, თანამშრომელთა სამუშაო ეფექტიანობის, პოტენციალისა და მათი განვითარების სწორი მართვა, ანაზღაურება და აღიარება, კარიერული ზრდა, განვითარება, სწავლება, კეთილდღეობა, ბედნიერება, მათი აქტიური ჩართულობა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, კორპორაციული ღირებულებები, ეთიკა და ერთიანობა, მრავალფეროვნება, მდგრადი განვითარება, კომუნიკაცია და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.

საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი კიდევ უფრო მეტად ამყარებს JTI-ის გამორჩეულობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიის ამჟამინდელი და მომავალი თანამშრომლებისთვის. ეს აღიარება თავისთავად გულისხმობს მუდმივ სწრაფვას სრულყოფისაკენ: კარგ სამუშაო პირობებს, საინტერესო ტრენინგებს თანამშრომელთა მრავალფეროვანი გუნდისათვის, საერთაშორისო გამოცდილებას და, ამავდროულად, ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოს.

რატომ გადაწყვიტეთ ამ სერტიფიცირების გავლა? ეს გლობალური ინიციატივა იყო თუ ადგილობრივი?

თავიდანვე ვიცოდით, რომ Top Employer-ის ჯილდო არის დამსახურებული აღიარება გამორჩეულობისთვის მსოფლიოს წამყვან კომპანიებს შორის. ასევე ვიცოდით, რომ Top Employer სტატუსი კიდევ უფრო გაამყარებდა ჩვენს გამორჩეულ ადგილს ქვეყანაში და მის გარეთ, წარმოგვაჩენდა, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საიმედო დამსაქმებელს, რაც ასე გვეხმარება ნიჭიერი ადამიანების დაინტერესების, მოზიდვის, აყვანის, შენარჩუნებისა და ბიზნესში მათი ჩართულობის მიმართულებით. ჩვენ გვსურდა, მთელი საზოგადოებისთვის გვეცნობებინა, რომ ჩვენი კომპანიისათვის უმთავრესი სწორედ ჩვენი თანამშრომელია.

სერტიფიცირება, როგორც პროცესი, ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა JTI-ში დამკვიდრებული პრაქტიკისა და მიდგომების შესადარებლად ევროპის სხვა წამყვანი კომპანიების პარამეტრებთან. ცხადია, მეტად გამოიკვეთა ის სფეროები, რომელთა გასავითარებლად მეტი მუშაობაა ჩასატარებელი. ასეთი სფეროების განვითარება, მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ, თანამედროვე მიდგომების დანერგვა კი მომავალი წარმატების ქვაკუთხედია მუდმივად ცვალებად და დინამიკურ სამყაროში.

Top Employer-ის სერტიფიცირების პროცესს JTI მრავალ ქვეყანაში გადის. საქართველოში ეს იყო სრულიად ნებაყოფლობითი პროცესი, ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც სიამაყით და უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყოველწლიურად.

დღეს ბევრს საუბრობენ კორპორაციულ კულტურაზე, და რომ თანამშრომელი არის ნებისმიერი ორგანიზაციის მთავარი მამოძრავებელი ღერძი. JTI რით გამოირჩევა შრომის ბაზარზე?

ზოგადად, ნებისმიერი კომპანია ადამიანებით გამოირჩევა. ძალიან მარტივია რომელიმე წარმატებული კომპანიის კულტურის გადმოღება, საკუთარში დანერგვა და პირველივე დღიდან მისი ამოქმედება. ერთადერთი ფაქტორი, რომელიც კომპანიას სძენს და უნარჩუნებს თვითმყოფადობასა და უნიკალურობას, ამ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები არიან. შეუძლებელია ამ ადამიანების ღირებულებების, ცოდნის, მოტივაციის, ერთგულების კოპირება სხვა წარმატებული კომპანიიდან. ჯანსაღი, თანამედროვე ატმოსფეროსა და კომპანიის ცოცხალი ფასეულობების შექმნას, გაზრდას და მოფრთხილებას წლები და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სჭირდება.

კომპანიაში კულტურას ადამიანები აცოცხლებენ, ადამიანები, რომლებიც სწორად ირჩევენ თანამშრომლებს, ზრდიან და ავითარებენ მათ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, JTI-ის თანამშრომლებს განვითარების ფართო და მრავალფეროვანი შესაძლებლობები აქვთ, როგორც სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე ფუნქციების მიხედვით. ჩვენ მაღალი სტანდარტებით ვმუშაობთ და, რაც მთავარია, გულწრფელები ვართ, გვიხარია მრავალფეროვნება და დინამიკურობა. სწორედ ეს გამოგვარჩევს სხვა კომპანიებისგან.

როგორ იკვლევთ, კონკრეტულად რა ესაჭიროება თქვენს თანამშრომელს? როგორ ხვდებით მათ საჭიროებებს?

სამსახური და სამუშაო გარემო მაშინაა კარგი, როდესაც თანამშრომელს დილით – სამსახურში მოსვლა, კოვიდის პირობებში კი – კომპიუტერის ჩართვა და სამუშაო პროცესის დაწყება უხარია. ამ დროს ხომ თანამშრომელი საკუთარი შესაძლებლობის რეალიზაციას ახდენს და არ ზოგავს თავს ბიზნესის წარმატებისთვის! ასეთი პირობების შესაქმნელად კი ორი გზა არსებობს: შევაფასოთ, რა ხდება სხვაგან და გულწრფელად გავაანალიზოთ, რა ხდება ჩვენს კომპანიაში.

JTI ახორციელებს გარე კვლევებს და აანალიზებს შედეგებს შრომის ბაზრისა და სხვა მსხვილი საერთაშორისო კომპანიების პრაქტიკის შესაფასებლად. ტარდება სახელფასო კვლევებიც. როგორც ვახსენეთ, ბოლო რვა წელია, Top Employer ინსტიტუტის კვლევაში მუდმივად ვიღებთ მონაწილეობას. იმისათვის, რომ გავიგოთ, რა სჭირდება თანამშრომელს, არ არის საჭირო დიდი ფილოსოფია – უბრალოდ ვესაუბრებით მათ. ისეთ დიდ ორგანიზაციაში, როგორიც ჩვენია, ტარდება თანამშრომელთა ჩართულობის კვლევები. ეს არ არის მხოლოდ თანამშრომელთა აზრის, მათი ჩართულობის უბრალო კვლევა, არამედ გაცილებით მეტი: ჩვენ ზედმიწევნით ვიგებთ თანამშრომლების პრიორიტეტების, სურვილების, საჭიროებების, მისწრაფებების შესახებ.

ასეთ კვლევას ყოველწლიურად, ზოგჯერ წელიწადში რამდენჯერმეც მივმართავთ. კვლევა საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ შევაფასოთ, რამდენად ჯანსაღია გარემო. იგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ლიდერობა, უშუალო მენეჯმენტი, ანაზღაურებისა და ეფექტიანობის მართვა, ტრენინგი და განვითარება, ოპერაციული ეფექტიანობა, ორგანიზაციული მიმართულება და ცვლილება და სხვა. შედეგად, თანამშრომელთა საჭიროებანი 360-გრადუსიან პერსპექტივაში ჩანს. ასეთი კვლევა 2021 წელსაც ჩატარდება.

როდესაც საქართველოში დასაქმებულთა უფლებებზე ვსაუბრობთ, ხშირად პრობლემატურ საკითხად დეკრეტულ შვებულებას ასახელებენ. JTI -ში 1 იანვრიდან ამოქმედდა ახალი ინიციატივა – თანაბარი დეკრეტული შვებულება ბავშვის მოსავლელად. რას გულისხმობს ეს ინიციატივა?

თანაბარი დეკრეტული შვებულება ბავშვის მოსავლელად სრულიად ახალი და უნიკალური მიდგომაა. ჩვენს კომპანიაში ეს შვებულება ეკუთვნის ყველას, განურჩევლად სქესისა. ორივე სქესის თანამშრომელს, ქალსაც და კაცსაც, შეუძლია ისარგებლოს 20-კვირიანი ანაზღაურებული დეკრეტული შვებულებით და მშვიდად მოუაროს ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს – ბავშვს. უფრო მეტიც, ამ ბენეფიტით სარგებლობა შეუძლია ორივე მშობელს, მაშინაც კი, თუ ორივე მათგანი JTI-ში მუშაობს. ბენეფიტი ვრცელდება ბავშვის აყვანისა და სუროგაციის შემთხვევებზეც.

ჩვენი ახალი თანაბარი დეკრეტული შვებულების ბენეფიტი (Family Leave Benefit) მნიშვნელოვანი ნაბიჯია მრავალფეროვნებისა და ჩართულობის მიმართულებით. ეს ბენეფიტი ორივე მშობელს აძლევს შესაძლებლობას, მეტად ჩაერთოს შვილების აღზრდაში, მეტი დრო გაატაროს ოჯახთან ისე, რომ არ დაზარალდეს მისი ფინანსური მდგომარეობა და კარიერა.

მამების ჩართულობა ბავშვის მოვლის პროცესში ხშირად შეზღუდული და სტიგმატიზებულია. ჩვენ სიამაყით შემოგვაქვს ამ თემის ახალი ხედვა და კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენი კომპანია დედას და მამას თანაბრად უწყობს ხელს, რომ მეტი დრო ჰქონდეთ ოჯახის ახალ წევრთან გასატარებლად.

საინტერესოა, როგორც დამსაქმებელი, რას ითვალისწინებთ ახალი თანამშრომლების აყვანისას? რა არის ძირითადი კრიტერიუმი?

ყველაზე მეტად იმით ვამაყობთ, რომ ჩვენთან პროფესიონალები მუშაობენ. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა მოტივირებული, ნიჭიერი, განათლებული ახალგაზრდები. ჩვენთან სწორი, ჯანსაღი მიდგომებისა და ფასეულობების ადამიანები მოდიან, რომელთანაც ახლოს დგას ჩვენი კულტურა. მთავარი ადამიანის ძირითადი ღირებულებაა, ცოდნის გაღრმავება კი შესაბამისი ტრენინგის, გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებითაც მარტივად შეიძლება. სწორედ ამიტომ, მრავალ ახალგაზრდულ პროექტში ვმონაწილეობთ. ბოლოს გლობალურ ახალგაზრდულ პროექტშიც ჩავერთეთ, რომელსაც Make It Bright-ი ჰქვია. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები მუშაობენ მრავალფეროვან და მათთვის საინტერესო საკითხებზე, წარადგენენ საკუთარ ხედვას, გამარჯვებული სტუდენტი კი პრაქტიკას მსოფლიოს საუკეთესო კომპანიაში გადის. წელს ქართველი სტუდენტები ძალიან საინტერესო პროექტებით გამოირჩეოდნენ. ამ ფანტასტიკურ პროექტს მომავალშიც გავაგრძელებთ, პროექტის მონაწილე სტუდენტებთან კი მუდმივი თანამშრომლობა გვექნება.

ვაკანტური მენეჯერული თანამდებობისათვის გამოცდილ ადამიანებსაც ვეძებთ, თუმცა მიდგომა უცვლელია – ცოდნისა და გამოცდილების გარდა, ჩვენი მომავალი თანამშრომელი უნდა იზიარებდეს კომპანიის ღირებულებებს და კულტურას, მოტივაციით, ერთგულებით, პროფესიული ცნობისმოყვარეობით უნდა გამოირჩეოდეს.

JTI ასაქმებს ახალ კურსდამთავრებულებს და მესამე- მეოთხეკურსელებსაც. რა პერსპექტივა აქვთ დამწყებ კადრებს თქვენს კომპანიაში?

ყველაფერი ისეა დაგეგმილი, რომ სტაჟიორმა ჩვენთან შეიძინოს მაქსიმალური გამოცდილება და წარმატებული კარიერა დაიწყოს. საინტერესო გამოცდილების, კონკურენტული ანაზღაურების, პრაქტიკული ტრენინგის, მრავალფეროვანი პროექტისა და საერთაშორისო ბიზნესგარემოს ჰარმონიული კომბინაცია – აი, რას იღებს ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც სურს, ისწავლოს და ჩვენს კომპანიასთან ერთად განვითარდეს. სტუდენტებს სასწავლო პროცესში ხელს არ ვუშლით, მათთვის სპეციალურად გვაქვს მოქნილი სამუშაო გრაფიკი. 6-12-თვიან სტაჟირებას ვაცხადებთ შემოდგომაზე, ხოლო ორთვიანს – ზაფხულში.

გაყიდვების, მარკეტინგის, ფინანსების, ადამიანური რესურსების მართვის, იურიდიული, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კორპორაციული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტებში სტუდენტებს საინტერესო პროექტები და ძალიან მეგობრული გარემო ელის.

სტაჟირების პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია ჩვენს კომპანიაში. სტაჟიორთა 70% კომპანიის თანამშრომელი გახდა და ბევრი ჩვენი კომპანიის სხვა ქვეყნის ფილიალშიც მუშაობს უკვე.

სამომავლო გეგმებზეც რომ ვისაუბროთ, რა მიზნები და ხედვები გაქვთ 2021 წლისთვის, როგორც დამსაქმებელს?

როგორც უკვე გითხარით, წელს თანამშრომელთა ჩართულობის კვლევისათვის ვემზადებით. კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამდენადაც იგი გვიჩვენებს დინამიკასა და პროგრესს. თანამშრომლის კეთილდღეობისა და ბედნიერების კონცეფცია დღეს ისეთი აქტუალურია, როგორიც არასოდეს. მას მრავალნაირი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვისაც ის საკმაოდ ფართო, კომპლექსური ცნებაა. იგი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ჯანმრთელობა, ან ბედნიერების შეგრძნება.

თანამშრომლის კეთილდღეობა რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ფინანსური (რამდენად შეუძლია ადამიანს, იცხოვროს დამოუკიდებლად და თავი ფინანსურად უზრუნველყოფილად იგრძნოს), კარიერული (მოსწონს თუ არა ადამიანს ის, რასაც აკეთებს – ეს კეთილდღეობის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია), სოციალური (ადამიანები და მათთან ურთიერთობა), ფიზიკური (რომელიც სუბიექტური ცნებაა) და საზოგადოებრივი (ადგილი, საზოგადოება, სადაც მუშაობ და ცხოვრობ). ყველა ელემენტი მნიშვნელოვანია, ზოგიერთ მათგანს უფრო მეტი ზემოქმედება აქვს მთლიანად კეთილდღეობის შეგრძნებასა და ჩართულობის დონეზე.

ცხადია, კოვიდ-19-ს ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვამ. უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეული ჩვენი თანამშრომლისათვის ნიღბების, ხელთათმანის, დამცავი სადეზინფექციო მარაგების უზრუნველყოფის საკითხს. ჩვენთვის მთავარია, ჩვენი თანამშრომელი ჯანმრთელი იყოს, უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს. ცხადია, დღეს თანამშრომელთა დიდი ნაწილი დისტანციურად მუშაობს. სახლიდან მუშაობის დროს კი, როგორც იცით, არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ სოციალური და მორალური მხარდაჭერაც უმნიშვნელოვანესია. გარდა იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლების 100% ტექნოლოგიურად აღჭურვილია და სრულიად ეფექტიანად მუშაობს, ჩვენ მათთვის დამატებით ლეპტოპებს, ტელეფონებს, პლანშეტებს უზრუნველვყოფთ – ბევრ ჩვენგანს ხომ ონლაინ სწავლებაზე მყოფი შვილები ჰყავს და მათთვის დამატებითი ტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია.

დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებული სტრესის სამართავად ხშირად ვატარებთ კვლევებს, სესიებს, ექიმებთან ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრებს. მუდმივად ვცდილობთ, შემოვიტანოთ ინოვაცია და მუშაობის მოქნილი და სწორი გზა ვიპოვოთ ახალ ციფრულ და დისტანციურ სამყაროში. წელს, თებერვალში, ახალ აპლიკაციას ვუშვებთ, რომელიც სრულად იქნება მიმართული ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე. აპლიკაციის დახმარებით, თანამშრომელი და მისი ოჯახის ნებისმიერ წევრი პირად რჩევას და კონსულტაციას მიიღებს ექსპერტისგან მენტალური ჯანმრთელობის, ფიზიკური, სოციალური და ფინანსური სტაბილურობის შესახებ. პირადი კეთილდღეობის, ჯანმრთელობის განმტკიცების, ოჯახური ან სხვა პირადი ურთიერთობის პრობლემების მოგვარების, ცვლილებებთან ადაპტაციის, სტრესის დაძლევის მიმართულებით თითოეულ ჩვენგანს ამ საქმის პროფესიონალი პერსონალური, ინდივიდუალური სესიების საშუალებით დაეხმარება.

მთელი წლის განმავლობაში იგეგმება ჯგუფური სესიებიც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის, სტრესის დაძლევის, თვითგანვითარების, თვითმოტივაციის მიმართულებით. თანამშრომლებისთვის ჩატარდება სემინარები დისტანციური მართვის, გუნდის მოტივირების, ლიდერობის შესახებ.

გვესმის, რომ თითოეული ჩვენგანისთვის უჩვეულოდ რთული დროა, სწორედ ამიტომ, ძალისხმევას არ დავიშურებთ და მუდმივად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენმა თანამშრომელმა თავი ყოველთვის დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს. ოფისში დასაბრუნებლად კი შესაბამის დროს ველოდებით და ყველაზე უსაფრთხო და კომფორტულ გზებს უზრუნველვყოფთ თანამშრომლებისთვის.

გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით გენდერულ თანასწორობას მმართველობით პოზიციებზე. კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ქალების რაოდენობა მმართველობით პოზიციებზე და, ზოგადად, მიღწეულ იქნას გენდერული თანასწორობა ყველა რგოლში. ჩვენ, როგორც საერთაშორისო კომპანია, გამოვირჩევით მრავალფეროვნებით და, ცხადია, ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის, მრავალფეროვანი კულტურის მქონე ადამიანებისათვის თანაბარ პირობებს უზრუნველვყოფთ. ჩვენთვის უმთავრესია, კომპანიაში არ არსებობდეს არც ერთი ბარიერი, თანამშრომელი იყოს თავისუფალი, სრულიად თავისუფლად გამოთქვამდეს აზრს და მოქმედებდეს. ჩვენთან ადამიანი თავისუფლებას ირჩევს.

გარდა ამისა, ჩვენ კონკურენტუნარიანობას შევინარჩუნებთ არსებული პროექტების ხარისხით, აქტივობითა და მომსახურებით, რომელსაც ვუწევთ ჩვენს თანამშრომლებს.

თანამშრომლების განვითარებას, ბუნებრივია, სჭირდება ფინანსური რესურსები. რა მოცულობის ინვესტიციას ახორციელებთ თქვენი თანამშრომლების ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებით?

ბუნებრივია, იმისათვის, რომ ადამიანი კომპანიაში გაიზარდოს, აუცილებელია ინვესტირება სწავლის (ტრენინგის) და განვითარების მიმართულებით. შემიძლია გითხრათ, რომ 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილია თანამშრომელთა ინვესტირებაზე, სავსებით შეესაბამება განვითარებისთვის დასახულ გეგმებს. ჩვენი თანამშრომლები წელსაც, როგორც ყოველთვის, ყველაზე საინტერესო კურსებს და ტრენინგებს გაივლიან.


თამბაქოს წამყვანი საერთაშორისო მწარმოებელი კომპანია Japan Tobacco International-ი 15 წლის წინ შეიქმნა. მსოფლიო მასშტაბით მას 364-ზე მეტი ფილიალი აქვს, სათავო ოფისი კი ჟენევაშია განთავსებული. კომპანია გლობალურად 100-ზე მეტი ეროვნების 44,000 თანამშრომელს ასაქმებს. JTI საქართველოში პირველად 2000 წელს შემოვიდა, 2011 წელს კი თბილისში კავკასიის რეგიონული სათავო ოფისი გაიხსნა. საქართველოში კომპანიის ძირითადი პორტფელი წარმოდგენილია „ვინსტონის“, „ქემელის“, „სობრანიეს“, LD-ისა და „მაგნას“ ბრენდებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.