Reuters-ისა და Ipsos-ის ერთობლივი გამოკითხვის შედეგებით, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო რბოლაში დონალდ ტრამპთან 2%-იანი უპირატესობა მოიპოვა. გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირად განაწილდა: კამალა ჰარისი – 44%, დონალდ ტრამპი 42%.
ბუნებრივია, აღნიშნული მონაცემები არაფერს წყვეტს, თუმცა შედარებისთვის, ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნამდე ტრამპთან მისი ჩამორჩენაც სწორედ 2% იყო. შესაბამისად, გამოდის, რომ კამალა ჰარისის პოტენციურმა კანდიდატურამ დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების რიცხვი გაზარდა.
საინტერესოა, რომ 15-16 ივლისს ჩატარებულ გამოკითხვაში კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს 44-44%-იანი მხარდაჭერის მაჩვენებლები ჰქონდათ. 1-2 ივლისს ჩატარებულ გამოკითხვაში კი ტრამპი 1%-ით ლიდერობდა.
გამოკითხულთა 56% ადასტურებს, რომ 59 წლის კანდიდატი ქალი „მენტალურად სტაბილურია და გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია“. 78 წლის ტრამპის შემთხვევაში კი იმავეს გამოკითხულთა 49% ადასტურებს. რაც შეეხება ბაიდენს, მას აღნიშნულ მაჩვენებელში 22% აქვს.
Reuters/Ipsos-ის კვლევის ცდომილების მაჩვენებელი 3%-ია. გამოკითხვაში მონაწილეობა 1,241-მა ზრდასრულმა ამერიკელმა მიიღო, რომელთა შორისაც 1,018 რეგისტრირებული ამომრჩეველი იყო.