კარგავენ თუ არა ადამიანები „შავი პარასკევის“ მიმართ ინტერესს?

კარგავენ თუ არა ადამიანები „შავი პარასკევის“ მიმართ ინტერესს?

ტერმინი „შავი პარასკევი“ 1980-იანი წლების ამერიკაში გაჩნდა და მას შემდეგ დიდი პოპულარობა მოიპოვა. თავდაპირველად ტერმინს ადგილობრივი პოლიცია იმ კატასტროფული საცობის აღსაწერად იყენებდა, რაც წინასაშობაო სავაჭრო სეზონს ახლდა თან. მოგვიანებით კი საშობაო საყიდლების ციებ-ცხელებისა და მასშტაბური ფასდაკლებების აღმნიშვნელ ტერმინად ჩამოყალიბდა. აშშ-ში დაწყებული ტრადიცია კი დღეს მთელ მსოფლიოში გრძელდება.

„შავი პარასკევის“ ტრადიცია განსაკუთრებით პოპულარული ელექტრონული კომერციის განვითარებამ გახადა. Google-ის საძიებო სისტემის ანალიტიკის თანახმად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში „შავი პარასკევის“ მიმართ ინტერესი მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა, თუმცა გლობალურმა კოვიდპანდემიამ ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა. კვლავ Google-ის მონაცემებით, 2020 წლის ნოემბერში „შავი პარასკევის“ მიმართ ინტერესი, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 30%-ით შემცირდა.

დაღმავალი ტენდენცია 2021 და 2022 წლებშიც შენარჩუნდა. ამ წლების ნოემბერში, Google-ის საძიებო სისტემაში „შავი პარასკევის“ მიმართ ინტერესი 2019 წლის პიკიდან 60% (2021) და 53%-იან (2022) მაჩვენებლამდე შემცირდა. წინასწარი მონაცემების თანახმად, კლების ტენდენცია 2023 წელსაც შენარჩუნდება.

თუმცა რამდენად ნიშნავს ძიების ტენდენციის შემცირება იმას, რომ ადამიანები „შავი პარასკევის“ მიმართ ინტერესს კარგავენ? შესაძლოა, მომხმარებლებს „შავი პარასკევის“ მიმართ ქცევის თავისებურება ჩამოუყალიბდათ, რის გამოც საძიებო სისტემებში ფასდაკლებების ძებნა საჭიროებას აღარ წარმოადგენს. არგუმენტს ადასტურებს Adobe Analytics-ის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, 2022 წელს, მიუხედავად კამპანიის მიმართ ინტერესის შემცირებისა, დანახარჯებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.