ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi-ს აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველადი განთავსებისთანავე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ცნობით, კომპანიამ აქციების IPO გუშინ განახორციელა, რის შედეგადაც აქციების ფასის 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
როგორც Kaspi-მ განაცხადა, პირველად საჯარო განთავსებაზე მათ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთი აქციის ღირებულებად $33.75 განსაზღვრეს. თუმცა, ვაჭრობა $38-ით გაიხსნა და შემდეგ $46.9-მდეც გაიზარდა. ივაჭრებოდა 4.4 მილიონი აქცია, რაც რუსულ Yandex-ის სავაჭრო მოცულობაზე მეტია, ვინაიდან ეს უკანასკნელი დღეში 3.8 მილიონ აქციას ვაჭრობს. ბოლო მონაცემებით, ყაზახური კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით $42-ად ივაჭრება. კომპანიის მთლიანი საბაზრო ღირებულება უკვე $6.5 მილიარდია. როგორც Reuters-ი წერს, Kaspi-ს IPO ბრიტანეთში მიმდინარე წელს რიგით მეორე ყველაზე მსხვილი გამოდგა, ხოლო ევროპაში რიგით მეოთხე ყველაზე მასშტაბური. Kaspi ყაზახეთში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ონლაინ ტრანზაქციების პროგრამულ უზრუნველყოფას ახდენს.
კომპანია ქმნის მობილურ აპლიკაციებს გადახდების, შოპინგის და პირადი ფინანსების მართვის კუთხით. Kaspi მსოფლიოს მასშტაბით ემსახურება მომხმარებელს. ამჟამად მის ბალანსზე 7.8 მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელია. მისი აღმასრულებელი ხელმძღვანელი მიხეილ ლომთაძეა, აღმასრულებელი ხელმძღვანელის მოადგილე კი თენგიზ მოსიძე.