კატარული კომპანიები ერაყთან $9.5 მილიარდის ღირებულების პროექტებზე ითანამშრომლებენ

კატარული კომპანიები ერაყთან $9.5 მილიარდის ღირებულების პროექტებზე ითანამშრომლებენ

ერაყის ეროვნული საინვესტიციო კომისია და სამი კატარული კერძო კომპანია ერაყში $9.5 მილიარდის ღირებულების პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

UCC Holding-მა და ერაყის საინვესტიციო კომისიამ 25-წლიანი საპარტნიორო შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ორი ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. UCC Holding-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ელექტროსადგურების მშენებლობა $2.5 მილიარდი დაჯდება და ერთობლივად 2,400 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს.

აღნიშნული ელექტროსადგურები ერაყს მეზობელ ირანზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება. ერაყი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის იმპორტს ირანიდან ახდენს. ირანიდან იმპორტირებული ენერგორესურსების წილი საერთო მიწოდებაში 33%-დან 40%-მდე მერყეობს, რაც ენერგოდამოკიდებულების მაღალი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, ერაყის ეროვნულმა საინვესტიციო კომისიამ შეთანხმება კატარულ Estithmar Holding-თან გააფორმა, რომლის მიხედვითაც კომპანიამ $7 მილიარდის სანაცვლოდ საავადმყოფოები, ორი ქალაქი და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი უნდა ააშენოს. Estithmar Holding-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქებში აშენდება საცხოვრებელი კომპლექსები, ვილები, სკოლები, კომერციული და გასართობი ცენტრები.

შეთანხმებებს ხელი ბაღდადში კატარის ამირის, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თაანის სტუმრობისას მოეწერა.