კაზინო-კაპიტალიზმის ბარონები

კაზინო-კაპიტალიზმის ბარონები

ROBINHOOD-მა ახალი ათასწლეულის იმედგაცრუებული წარმომადგენლები საკომისიოებისაგან დაცლილი, თამაშის ელემენტებით გაჯერებული სავაჭრო აპლიკაციის ანკესზე წამოაგო და, შედეგად, სამუდამოდ უცვალა სახე საბროკერო ბიზნესს. გაცხადებული მიზანი ფინანსების დემოკრატიზებაა“, მაგრამ კომპანიის დამფუძნებლები მილიარდერებად იმით იქცნენ, რომ გამოუცდელი და გულუბრყვილო ახალბედების ახალი თაობა პირდაპირ Wall Street-ის ყვე ლაზე ავადგანთქმული ზვიგენების ხახაში გაგზავნეს.

[MAINPICTURE]

31 ივლისია, პარასკევი. ღამის 12 -ს ის-ისაა, გადასცდა. Todd Capital Options Community-ში (ვგულისხმობთ Slack-ის თვეში $20-იანი გამოწერების არხსა და ათასობით ახალბედა ოპციონური მოვაჭრის რჩეულს) სიცოცხლე თუხთუხებს. არადა, გარეთ უმუშევრობა მძვინვარებს; მთავრობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სასოწარკვეთილად ცდილობენ ეკონომიკური კოლაფსისგან თავდაცვას. მაგრამ ამ ონლაინანკლავის წევრები ზეიმობენ – პირდაპირი მნიშვნელობით, გეგონება, 1999 წელი იყოსო – ე.წ. ერთდღიანი ვაჭრობების ავადგანთქმულად ქაფმოდებული წელი, დოტ- კომ- ბუშტის გასკლეცა რომ მოჰყვა 2000-ის მარტში.

პანდემიის მიუხედავად, Amazon-მა, Apple-მა, Facebook- მა და Google-მა ნერწყვის მომდენი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნეს – გამაოგნებული $205 მილიარდი კომბინირებული კვარტალური გაყიდვების სახით და $34 მილიარდი შემოსავლების სახით, და ეს დროის იმ მონაკვეთში, როცა აშშ-ის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 33%-იანი წლიური მაჩვენებლით განიცადა ვარდნა. კვირების მანძილზე, კლუბის ახალგაზრდა წევრებმა, მობილური სავაჭრო აპლიკაცია Robinhood-ის მეშვეობით, სპეკულაციური ქოლ- ოპციონების დახვავება დაიწყეს. და ახლა მზად არიან, ფასიანი ქაღალდები გაანაღდონ.

“შანსი არაა, AMZN 10/16 ქოლები რომ გავყიდო ხვალ. ფეხებზე მკიდია, რა მოხდება. …ყველაფერს ვიტოვებ. ლოცვა გააძლიერეთ“, – ამბობს ერთ-ერთი მომხმარებელი, სახელად JG. განთიადის მოახლოებასთან ერთად, “NBA Young Bull“-ი აცხადებს: „დილა მშვიდობისა მომავალო მილიონერებო… აბა, არის უკვე 9:30?“

ამ სპეკულანტებისთვის ადრენალინის მოზღვავება ეიფორიად მაშინ გადაიქცა, როცა Apple-მა არა მხოლოდ გადააჭარბა მოგებასთან დაკავშირებულ პროგნოზებს, არამედ აქციების 4-1-ზე განაწილების შესახებ გააკეთა განცხადება, რითაც კიდევ უფრო მეტი მცირე ინვესტორი შეიტყუა iPhone- ის მწარმოებლის საფონდო წვეულებაზე. დილის 10-ის ნახევარზე, პარასკევს, როცა ვაჭრობა იწყება, ბაზრის ამ არაერთი ახალბედას ხელთ არსებული Apple-ისა და Amazon- ის ქოლ- ოპციონები ლას- ვეგასის სლოტ- მანქანებივით მუშაობს და სულ 7-7-7-ებს წერს, ეს ორი გიგანტი კი, ერთობლივად, მეოთხედ ტრილიონ დოლარს იხვეჭს საბაზრო ღირებულების სახით. დღის განმავლობაში და შაბათ-კვირას, აუარებელ პოსტს ნახავთ Robinhood-ის მგზნებარე მოვაჭრეებისგან, რომლებიც ისეთ სახელებს ირქმევენ, როგორიცაა “See Profit Take Profit” (“ნახე მოგების მოგება“) და “My Options Give Me Options” („ჩემი ოპციონები ალტერნატივებს მთავაზობენ“). ორშაბათს, 3 აგვისტოს, Nasdaq-ის ინდექსი ახალ რეკორდს ხსნის.

კეთილი იყოს თქვენი ფეხი Robinhood-ის სტილში წარმართულ საფონდო ბირჟაზე. თებერვლის შემდეგ, როცა კორონავირუსის პანდემიის წნეხის ქვეშ მოქცეულმა გლობალურმა ეკონომიკამ ვარდნა იწყო, მილიონობით ახალბედა – ე.წ. მასტიმულირებელი ჩეკებით აღჭურვილი და არცთუ ბევრი სხვა საქმის მქონე – სილიკონის ხეობის ახლად გაპოპულარულებული Robinhood-ით შეუდგა ვაჭრობას. ეს ტელეფონთან დამეგობრებული, ფასდაკლებებზე მომუშავე საბროკერო 33 წლის ვლადიმირ ტენევმა და 35 წლის ბაიჯუ ბჰატმა 2013 წელს დააფუძნეს.

თავიანთი კოსმოსური ხომალდის შესაქმნელად, ახალგაზრდა ანტრეპრენიორებმა ის ფორმულა გამოიყენეს, რამაც Facebook-ის პოპულარობა განაპირობა: მათი აპლიკაცია უფასო იყო, მარტივად გამოსაყენებელი და იოლად მისაჩვევი. ამასთან, Robinhood-ს – რომელსაც შუა საუკუნეების იმ ლეგენდარული კანონგარეშე პირის საპატიოდ შეერჩა სახელი, მდიდრებს რომ ართმევდა და ღარიბებს აძლევდა – იმგვარი მისია ჰქონდა, სოციალური და რასობრივი სამართლიანობის საკითხებით ყველაზე მეტად შეწუხებული, კაპიტალიზმისგან დაქანცული ახალი ათასწლეულის წარმომადგენლებიც რომ შეაფარებდნენ თავს: „ფინანსების დემოკრატიზება ყველასათვის“.

კოვიდ- 19 და სამთავრობო დახმარებები ზეციური მანანასავითაა Robinhood-ისთვის. იანვრის მერე ამ კერძო კომპანიამ 3 მილიონზე მეტი ანგარიში დაიმატა, რაც 30%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო ფირმის ფინანსებში ჩახედული პირის თანახმად, წელს $700 მილიონის ტოლფას შემოსავალს ელიან – 250%-იან ნახტომს 2019-თან შედარებით. საცალო საფონდო ბირჟას ასეთი ძირგამომთხრელი ძალა 1975 წლის მაისის პირველი ორშაბათის მერე არ მოვლენია – იმ დღის შემდეგ, როცა აშშ- ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC-მა) საბროკერო საკომისიოების დერეგულირება მოახდინა და ფასდაკლებებზე მომუშავე ისეთი საბროკეროების აღზევებას შეუწყო ხელი, როგორიც, მაგალითად, Charles Schwab-ია. Robinhood-ის საკომისიოებისგან თავისუფალი ვაჭრობა დღეს სტანდარტს წარმოადგენს არაერთ ფირმაში, მათ შორის, TD Ameritrade-ში, Fidelity-ში, Schwab-ში, Vanguard-სა და Merrill Lynch-ში.

და Robinhood-ის მხიარული მოვაჭრეები ბაზრებს ამოძრავებენ: კონკრეტული აქციები – ილონ მასკის Tesla, მარიხუანას კონგლომერატი Cronos-ი, კაზინოების ოპერატორი Penn National Gaming-ი და თვით გაკოტრებული მანქანების გამქირავებელი კომპანია Hertz-ი – რჩეულთა რიგებში ხვდებიან და ყოველდღიურ რეჟიმში ველურ რყევებს აჩვენებენ. Goldman Sachs-ის თანახმად, ისტორიაში პირველად, ოპციონების სპეკულანტებმა – ისეთებმა, როგორიც Robinhood-მა დაბადა – გამოიწვიეს ის, რომ ე.წ. ერთეული ფონდებით ოპციონური ვაჭრობის მოცულობამ ე.წ. ჩვეულებრივი ფონდებით ვაჭრობის მოცულობა დაჯაბნა და ამ წელს უპრეცედენტო, 129%- იანი ზრდა აჩვენა.

„ვფიქრობ, ფინანსური ბაზრების ისტორიაში უნიკალური სიტუაციის მომსწრენი გავხდით“, – ეუბნება Forbes-ს ტენევი, რომელიც სახლიდან, დისტანციურად მუშაობს, თუმცა არცთუ შორსაა Robinhood-ის სათავო ოფისიდან, რომელიც, თავის მხრივ, მენლო- პარკში (კალიფორნია) მდებარეობს და სანაპირო სახლს წააგავს. „ტიპურად, როცა ბაზრის კოლაფსს რეცესია მოჰყვება, საცალო ინვესტორები უკან იხევენ. ინსტიტუტები პოულობენ სარგებელს. …ამ შემთხვევაში, Robinhood-ის მომხმარებლებმა ახალი ანგარიშების გახსნა დაიწყეს, ხოლო არსებულმა მომხმარებლებმა – ახალი ფულის ჩადება. თუ მილიონობით ადამიანი ახორციელებს ინვესტიციას მაშინ, როცა სხვა სიტუაციაში ამას არ გააკეთებდა, ეს კარგის მომასწავებელია საზოგადოებისა და ჩვენი ეკონომიკისთვის“.

სხვა დაოსტატებული მოვაჭრეების მსგავსად, ტენევიც მიმართავს თავის აქტივთა პოპულარიზების სტრატეგიას. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, რა არის სინამდვილეში მისი ციფრული კაზინოს მამოძრავებელი ძალა, მისი პროკლამაციები ოდნავ არაგულწრფელი მოგეჩვენებათ. დაბადებიდანვე, Robinhood-ი ისე იყო შექმნილი, რომ მოგება თავისი მომხმარებლების სავაჭრო მონაცემების მიყიდვით ენახა Wall Street-ის მთავარი ზვიგენებისთვის – მათთვის, ვისაც ათწლეულები აქვს დახარჯული (და მილიარდები – ნაშოვნი) ინვესტორების გაბითურებაზე. მეტიც, ანალიზი ააშკარავებს, რომ რაც უფრო მეტ რისკს დებენ Robinhood-ის მომხმარებლები თავიანთ ჰიპერაქტიურ სავაჭრო ანგარიშებში, მით უფრო მეტად ხეირობს სილიკონის ხეობის ეს სტარტაპი იმ მონსტრებისგან, ვისაც მათ მონაცემებს მიჰყიდის. კი, შესაძლოა, Robinhood-ის მიერ ახალგაზრდა მოვაჭრეთა წარმატებულმა გადმობირებამ უნებურად ერთი- ორი ახალი მილიონერი გამოძერწა, რომლებიც ვალით აგიზგიზებულ, აქციათა მზარდი ფასებით გაჯერებულ და შესყიდვათა შემაგულიანებელ ბაზარზე დააჭენებენ, მაგრამ, ამავე დროს, კომპანია მთელ თაობას აბითურებს და აჯერებს, რომ ოპციონებით წარმატებული ვაჭრობა ისეთივე ადვილია, როგორიც ვიდეოთამაშის ახალ დონეზე გადასვლა.

საფონდო ოპციონები კონტრაქტებია, რომლებითაც, ფიქსირებულ ფასად (როგორც წესი, ხარჯის გარკვეული ულუფის სანაცვლოდ) და ფიქსირებულ დროში, ყიდულობ ან ყიდი ფონდების საფუძვლადმდებარე აქციებს. კომპლექსურობის გამო, ოპციონური ვაჭრობა, კარგა ხანია, ყველაზე უფრო გამოცდილ- დაბრძენებული ჰეჯ- ფონდების სამკვიდროს წარმოადგენს. 1973-ში სამმა დოქტორმა – ფიშერ ბლეკმა, მაირონ სქოულზმა და რობერტ მერტონმა – ოპციონების ფასების დადგენის მოდელი შეიმუშავეს, რომელმაც მათ ნობელის პრემია მოუტანა ეკონომიკის დარგში. დღეს მათი მათემატიკური მოდელისა და მისი ვარიაციების პროგრამულ უზრუნველყოფაში ინკორპორირება ისე იოლია, რომ რთული – და რისკიანი – ვაჭრობის განხორციელება თითის სულ რამდენიმე დაწკაპუნებით არის შესაძლებელი. მაგრამ არასწორი ფსონის დადებაც ადვილია. Options Clearing Corporation- ის თანახმად, ყველა ოპციონური ვაჭრობის 20%-ზე მეტს ისე გასდის ვადა, რომ არაფერ ღირებულებას არ ტოვებს, მაშინ როცა „ფულის სახით“ ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.

ივნისში Robinhood-მა საკუთარ თავზე გამოსცადა ის, რაც მაშინ ხდება, როცა მისნაირ ინსტრუმენტებს გამოუცდელ ინვესტორებს მიჰყიდიან ხოლმე. საქმე ისაა, რომ შეუძლებელია თვითმკვლელობაზე პასუხისმგებელი ყველა ფაქტორის ამოცნობა: Robinhood-ის ერთ- ერთმა ახალმა მომხმარებელმა, 20 წლის სტუდენტმა ილინოისიდან, ალექსანდერ კერნსმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც შეცდომით იფიქრა, რომ ოპციონებით ვაჭრობის გამო Robinhood-თან $730,000-ზე მეტით იყო დავალებული. მისმა გარდაცვალებამ კონგრესის რამდენიმე წევრს კითხვები გაუჩინა პლატფორმის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

მსგავსი პრობლემების მიუხედავად, კვლავ მილიონობით მომხმარებელი იყრის თავს ამ იოლად მისაჩვევ აპლიკაციაში, ტენევი და ბჰატი კი პოტენციურ ოქროს საბადოზე სხედან, Facebook-ს რომ მოგვაგონებს მის პირველად საჯარო შეთავაზებამდელ პერიოდში. კოვიდ- 19- ის დროს ბიზნესის გაფურჩქნის პირობებში, Robinhood-მა $800 მილიონი მოიზიდა ვენჩურული ინვესტორებისგან, რომელთაც კომპანიას, საბოლოოდ, გასაოცარი საბაზრო ღირებულება – $11.2 მილიარდი – მიანიჭეს, ეს კი თანადამფუძნებლებს, აქტივების სახით, თითოს, $1 მილიარდის პატრონად აქცევს.

მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ Morgan Stanley-მ $13 მილიარდად წარმატებით შეისყიდა E-Trade-ი თებერვალში, მანამდე კი Schwab-მა TD Ameritrade-ი $26 მილიარდად, ზოგი თვლის, რომ Robinhood-ს $20 მილიარდის ღირებულების მოხვეჭა შეუძლია, საჯარო ბაზარზე რომ გავიდეს ან რომ გაიყიდოს.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ისტორია, რომელიც Robinhood-მა მსოფლიოს მიჰყიდა და რომლის მიხედვითაც, ის უბრალო ადამიანებს ეხმარება, სრულ წინააღმდეგობაში მოდის მის რეალურ ბიზნესმოდელთან: ის, სინამდვილეში, ბაზრის მდიდარ, ერთობ აგრესიულ ოპერატორებს უბრალო ადამიანების ყიდვაში ეხმარება.

ტექნოლოგიისთვის ძირის გამოთხრის ეპოქაში, ვლადიმირ ტენევისა და ბაიჯუ ბჰატის აღზევება ნაცნობი ისტორიაა. მათ ერთმანეთი 2005 წელს, Stanford University-ში სწავლისას გაიცნეს. „არაერთი პარალელი გვქონდა ცხოვრებაში, – ეუბნება ბჰატი Forbes-ს. – ორივენი დედისერთები ვიყავით, ორივენი ვირჯინიაში გავიზარდეთ, ორივენი ფიზიკას ვსწავლობდით Stanford-ში, ორივენი იმიგრანტების შვილები ვიყავით და ორივეს მშობლები სადოქტოროზე სწავლობდნენ [აშშ-ში]“. ტენევის მშობლები ბულგარეთიდან ემიგრიდნენ, ბჰატისა კი ინდოეთიდან.

ტენევი – მსოფლიო ბანკის თანამშრომლების ვაჟი – UCLA- ში მათემატიკის სადოქტორო პროგრამაზე ჩაირიცხა, მაგრამ 2011 წელს სწავლას თავი მიანება, ბჰატს შეუერთდა და ე.წ. მაღალსიხშირიანი მოვაჭრეებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას შეუდგა. ეს Wall Street-ის 2010 წლის “ელვისებრი კოლაფსის“ (“Flash Crash”-ის) შემდეგ მალევე მოხდა; იგულისხმება უეცარი, თითქმის 1,000-ნიშნულიანი ვარდნა Dow Jones Industrial Average-ში, მაღალსიჩქარიანმა მოვაჭრეებმა რომ გამოიწვიეს. ამ უკიდურესმა მერყეობამ გამოამჟღავნა, როგორ მიენებებინათ, დიდწილად, თავი ფინანსურ ბაზრებს ტრადიციული, თუმცა სტაბილური ნიუ- -იორკის საფონდო ბირჟისთვის და როგორ გადანაცვლებულიყვნენ მცირერიცხოვან და არაგამჭვირვალე რაოდენობრივი ვაჭრობის პლატფორმებზე, სადაც ერთი მუჭა საიდუმლო ფირმები ბატონობდნენ. ამ ე.წ. “ელვისებრმა ბიჭებმა“ (“Flash Boys”), რომლებიც მილისეკუნდებში ამუშავებდნენ როგორც საცალო ვაჭრობის, ისე ინსტიტუციური ინვესტორების მოთხოვნებს, ქვედა მანჰეტენის ოფისების კულისებიდან, IT-განყოფილებებიდან და უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამებიდან მოიყარეს თავი და Wall Street-ის ახალ მეროფეებად მოგვევლინნენ.

იმ პერიოდში, როცა ტენევი და ბჰატი შიდა სამზარეულოს განათლებას იღებდნენ მაღალსიჩქარიანი მოვაჭრეების მუშაობისა და მოგებების შესახებ, აწეწილი გარე სამყარო ნელ-ნელა ფეხზე დგებოდა 2008-2009 წლების გამანადგურებელი ფინანსური კრიზისის შემდეგ. მთელი ეს სიტუაცია ლამაზად ჩაეწერა Robinhood-ის დაბადების ოფიციალურ ისტორიაში: როცა 2011-ის მოძრაობამ, Occupy Wall Street-მა ფინანსური დახმარებების პროტესტის სახე მიიღო Wall Street- ზე და დაგირავებული ქონების გამოსყიდვის უფლების წართმევისა – Main Street-ზე, ტენევისა და ბჰატის ერთ-ერთმა მეგობარმა ისინი არათანასწორი სისტემისგან უსამართლოდ სარგებლობაში დაადანაშაულა. საკუთარ თავში ჩაღრმავებამ დუეტი 2012 წელს Robinhood-ის ჩასახვამდე მიიყვანა – სავაჭრო აპლიკაციისა, რომლის სახელწოდება დაუფარავად მიანიშნებდა სათამაშო პირობების გათანაბრებას. მათი ყველაზე აშკარა – და ძირგამომთხრელი – ინოვაცია საკომისიოებისა და მინიმალური ბალანსების არარსებობა იყო, ეს კი იმ დროს, როცა იაფფასიანი მეტოქეებიც კი, მაგალითად, E-Trade-ი და TD Ameritrade-ი, მსგავს გადასახადებზე მილიარდებს აკეთებდნენ.

თავიდან, ინტერესის გასაღვივებლად, ტენევმა და ბჰატმა ექსკლუზიურობის საცდური გამოიყენეს. 2013-ში, აპლიკაციის ჩაშვებისას, მათ წვდომა შეზღუდეს და დაახლოებით 50,000 ადამიანი მომლოდინეთა რიგში ჩააყენეს. შემდეგ ეს “ხავერდის თოკი“ თამაშად აქციეს და პოტენციურ მომხმარებლებს უთხრეს, რომ რიგში დააწინაურებდნენ, თუ მათი აპლიკაციის შესახებ ისინი მეგობრებსაც გააგებინებდნენ. 2014-ში, Apple-ის App Store-ზე ჩაშვების მომენტისთვის, Robinhood-ის მომლოდინეთა რიგი 1 მილიონ მომხმარებელს ითვლიდა. მარკეტინგზე, პრაქტიკულად, არაფერი დაუხარჯავთ.

ბჰატი აპლიკაციის დიზაინზე მანიაკურად კონცენტრირდა და ცდილობდა, Robinhood-ი „უმარტივესი“ გამოსაყენებელი ყოფილიყო. iPhone-ები ანიმაციებით იწყებდა ციმციმს და ვიბრირებას, როცა მომხმარებლები აქციებს ყიდულობდნენ. ყოველ ჯერზე, როცა ბჰატს რაღაც ახალი ფუნქციის იდეა უჩნდებოდა, თანამშრომლებთან ერთად, Robinhood-ის პალო-ალტოს ოფისიდან ქუჩას გადაირბენდა და Stanford-ის კამპუსს მიაშურებდა, რათა სტუდენტებისგან უკუკავშირი მიეღო. 2015-ში აპლიკაციამ Apple Design-ის ჯილდო მოიპოვა – პრიზი, რომელიც მხოლოდ 12 აპლიკაციას გადაეცა იმ წელს. ახალი ათასწლეულის წარმომადგენელმა მომხმარებლებმა გამალებით იწყეს მისი ჩამოტვირთვა.

2019-ის შემოდგომისათვის, 500 თანამშრომლით და 6 მილიონი მომხმარებლით აღჭურვილ Robinhood-ს თითქმის $1 მილიარდი მოეზიდა ფონდების სახით, მისი ღირებულება კი $7.6 მილიარდამდე გაბერილიყო. ტენევი და ბჰატი – ორივენი მცირე წილის, კერძოდ, 10%-ზე ოდნავ მეტის მფლობელები Robinhood-ში (გათვლების თანახმად) – მდიდრები იყვნენ.

შემდეგ, 2019-ის სექტემბერში, გოლიათმა მუხლებამდე დაუკრა თავი დავითს. 48 საათის განმავლობაში E-Trade- მა, Schwab-მა და TD Ameritrade-მა – Robinhood-ზე გაცილებით დიდი ზომის ინდუსტრიის გიგანტებმა – საკომისიოები $0-მდე დაიყვანეს. რამდენიმე თვეში იგივე გააკეთეს Merrill Lynch-მა და Wells Fargo-ს საბროკერო დანაყოფმა. შემოსავლის ამ წყაროს აორთქლებასთან ერთად, საბროკერო ფონდებმა ვარდნა განიცადეს, TD Ameritrade-ი ნაჩქარევად დაქორწინდა Schwab-ზე, E-Trade-ი კი Morgan Stanley-ს ჩაუვარდა მკლავებში.

მოკლედ, ახალი ათასწლეულის ორმა წარმომადგენელმა გააკეთა ის, რაც ვერასდროს მოახერხეს ფასდაკლებებზე მომუშავე ისეთმა გიგანტებმა, როგორიც Vanguard-ი და Fidelity-ია. მათ საბოლოო დარტყმა მიაყენეს ვაჭრობის საკომისიოებს – ამ იოლ ფულს, რო მელიც საფონდო ბროკერების მთელ თაობებს ასაზრდოებდა – და Wall Street-ის საბროკერო ფირმების ფინანსური საძირკველი შექმნეს.

Robinhood-ის წარმატების საიდუმლო ინგრედიენტი ისაა, რაზე საჯაროდ ლაპარაკიც მის დამფუძნებლებს სძაგთ: დასაწყისიდანვე, Robinhood-მა მოგებიანობის ფსონი დადო იმაზე, რაც ცნობილია, როგორც “გადასახადი მოთხოვნათა ნაკადისთვის“, იგივე PFOF-ი (“payment for order flow”). ნაცვლად იმისა, გადასახადი წინა ხაზიდან, საკომისიოების სახით, აიღონ, ტენევი და ბჰატი ფულს კულისებში აკეთებენ: ნავაჭრს ე.წ. ბაზრის შემქმნელებს მიჰყიდიან – რაოდენობრივი ვაჭრობის ისეთ მსხვილ, გამოცდილ ფირმებს, როგორიც Citadel-ი, Two Sigma, Susquehanna International Group-ი და Virtu Financial-ია. ეს დიდი ფირმები Robinhood-ის მომხმარებელთა მოთხოვნებს თავიანთ ალგორითმებში სვამენ და ამ მოთხოვნათა დამუშავებისას მოგებაზე გასვლას იმით ცდილობენ, რომ ფასების შეთავაზებებიდან მცირედ ულუფებს იჯიბავენ და თავად ახდენენ ფასების შეთავაზებას.

მოთხოვნათა გაყიდვა Robinhood-ის გამოგონება როდია. E-Trade-მა, მაგალითად, ამ პრაქტიკის მეშვეობით, 2019 წელს დაახლოებით $200 მილიონი გააკეთა. თუმცა, მეტოქეთა უმეტესობისგან განსხვავებით, Robinhood-ი რაოდენობრივ მოვაჭრეებს ფასთაშორისი სხვაობის პროცენტს ართმევს ყოველ გაყიდულ ვაჭრობაზე, ნაცვლად ფიქსირებული თანხისა. ასე რომ, როცა შეთავაზებულ და მოთხოვნილ ფასებს შორის დიდი სხვაობაა, ყველა მოგებული რჩება… მომხმარებლის გარდა. მეტიც, რამდენადაც Robinhood-ის მომხმარებლები, როგორც წესი, აქციათა მცირე ოდენობებით ვაჭრობენ, ნაკლებად სავარაუდოა, მათ ბაზრებზე ცვლილებები გამოიწვიონ და, ამრიგად, დაბალრისკიან სეგმენტს წარმოადგენენ საკუთარი მოდელებით შეიარაღებული მსხვილი რაოდენობრივი მოვაჭრეებისთვის. 2020-ის პირველ კვარტალში ფირმის $130 მილიონის (შემოსავლის სახით) 70%-ზე პასუხისმგებელი მოთხოვნათა ნაკადის გაყიდვა იყო. მეორე კვარტალში Robinhood-ის PFOF-ი $180 მილიონამდე გაორმაგდა.

თუ გავითვალისწინებთ ტენევისა და ბჰატის გამოცდილებას მაღალსიჩქარიანი ვაჭრობის ბიზნესში, არ არის გასაკვირი, რომ მათ ჭკვიანურად შექმნეს თავიანთი ფირმა იმგვარი ანგარიშის მოზიდვის გარშემო, როგორიც მათი კლიენტებისთვის – Wall Street-ის სავაჭრო ფირმებისთვის – ყველაზე სასურველი იქნებოდა. რა ტიპის მოვაჭრეები წარმოადგენენ ყველაზე გაყიდვად ლუკმას გიგანტი ზვიგენებისთვის? ისინი, ვინც მერყევ, მყისიერ ფონდებზე ნადირობენ და დიდად არ ადარდებთ ფასთაშორისი სხვაობები, და ისინიც, ვინც ოპციონებით სპეკულირებენ. მოკლედ, Robinhood-ის აპლიკაცია იმგვარად იყო შექმნილი, რომ ვიდეოთამაშების თაობის ახალგაზრდა, გამოუცდელი ინვესტორები მოეზიდა.

გარდა იმისა, რომ საინვესტიციო მოგზაურობის დასაწყისში დაბალფასიანი ფონდის ერთი აქცია გეძლევათ, ერთ- ერთი პირველი, რასაც Robinhood-ზე ფონდებით ვაჭრობის დაწყებისთანავე ამჩნევთ (ოპციონებით ვაჭრობის ნებართვის მიღების შემდეგ), ესაა თქვენი ტელეფონის ეკრანზე, ზუსტად BUY-ს თავზე და მარჯვნივ მოთავსებული კაშკაშა ფორთოხლისფერი ღილაკი, რომელიც გვეუბნება: TRADE OPTIONS.

ოპციონური ვაჭრობა მთავარი ლუკმაა Robinhood-ის ნამდვილი მომხმარებლებისთვისაც. ალგორითმებში ჩაკარგულ რაოდენობრივ მოვაჭრეებს ვგულისხმობთ. Piper Sandler-ის ბოლოდროინდელი ანგარიშის თანახმად, რაოდენობრივი მოვაჭრეები Robinhood-ს ოპციონური კონტრაქტებისთვის 58 ცენტს უხდიან 100 აქციაზე, წინააღმდეგ სულ რაღაც 17 ცენტისა 100 აქციაზე სააქციო კაპიტალისთვის. ოპციონები ნაკლებლიკვიდურია, ვიდრე ფონდები და, როგორც წესი, ფასთაშორისი სხვაობა მათი ვაჭრობისას უფრო მაღალია. 2020- ის პირველ ნახევარში Robinhood-ის მოთხოვნათა ნაკადიდან მიღებული შემოსავლის 62%-ზე სწორედ ოპციონურ ვაჭრობათა გაყიდვები იყო პასუხისმგებელი.

Alphacution-ის პოლ როუადის თანახმად, ამ ოპციონური ვაჭრობების ყველაზე მადისაღმძვრელი მომენტი, შესაძლოა, ე.წ. “გაჩერებისა და ზარალის შეზღუდვის მოთხოვნები” (“Stop Loss Limit Orders”) იყოს, რაც მყიდველებს საშუალებას აძლევს, ფასის ავტომატური ტრიგერები დააყენოს, რომლებსაც, მოგების დაცვისა თუ ზარალის შეზღუდვის მიზნით, ვაჭრობის პროცესის ფინალურ ფაზაში შეყვანა შეუძლიათ. 2019-ის ოქტომბერში Robinhood-მა საზეიმოდ განუცხადა მომხმარებლებს, “გაჩერებისა და ზარალის შეზღუდვის მოთხოვნები” შემოვიღეთო. ეს ელეგანტური ფუნქცია, ფაქტობრივად, ვაჭრობის პროცესს ავტოპილოტზე უშვებს.

“ეს [გაჩერება-შეზღუდვის] მოთხოვნა მყისვე მიეყიდება მაღალსიჩქარიან მოვაჭრეს, რომელმაც იცის, რა არის შენი განზრახვა, რის გაყიდვას აპირებ, – ამბობს ერთი ყოფილი მაღალსიჩქარიანი მოვაჭრე. – დაახლოებით იგივეა, საიდუმლოს რომ წერდე ფურცელზე და ამ ფურცელს პირდაპირ შენს ბროკერს აძლევდე, რომელიც მერე მას ვიღაც ისეთს მიჰყიდის, ვინც შენ წინააღმდეგ ვაჭრობითაა დაინტერესებული“.

Robinhood-ი უარყოფს მოსაზრებას, რომ მოდელი გამოუცდელ ინვესტორებს მსხვერპლად აქცევს. “გადახდის ქვითარი მოთხოვნათა ნაკადისთვის გავრცელებული, ლეგალური და რეგულირებული ბიზნესპრაქტიკაა ინდუსტრიაში, – ამბობს Robinhood-ის წარმომადგენელი, რომელიც ამტკიცებს, რომ ფირმის საბროკერო დამუშავებამ მომხმარებლებს წელს $1 მილიარდი დაუზოგა. – ჩვენ იმგვარი პლატფორმის უზრუნველყოფაზე ვართ ფოკუსირებულები, რომელიც ფინანსებს ხელმისაწვდომს და მიღწევადს ხდის და სადაც ადამიანებს გააზრებული, ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ“.

Interactive Brokers-ის დამფუძნებელი, მილიარდერი მეტოქე თომას პეტერფი ამბობს, რომ “გაჩერება-შეზღუდვის მოთხოვნები“ ყველაზე ღირებული მოთხოვნებია, რაც კი რამ გამოცდილ მოვაჭრეს შეუძლია, იყიდოს. “როცა ხალხი მოთხოვნებს გიგზავნის, ხვდები, ვისთან და რასთან გაქვს საქმე. შეგიძლია, ფასის ღერძზე განათავსო ისინი და ნახო, რამდენი ყიდვისა და გაყიდვის მოთხოვნა გაქვს თითოეული ამ ფასისთვის“, – ამბობს ის.

მაგალითად, თუ მყიდველი ხედავს, რომ მოთხოვნები კონკრეტული ფასის ირგვლივაა მოქუჩებული, ეს ნიშნავს, რომ თუ ფონდი ან ოპციონი ამ ფასს მიაღწევს, ბაზარი სერიოზულად დაეცემა. “მოვაჭრე თუ ხარ, ეს კარ გია შენთვის, იმიტომ რომ შეგიძლია გაჩერების პროვოცირება – შეგიძლია აქტივის ღირებულების შემცირებით იხეირო და მერე გაცილებით დაბალ ფასად მოახდინო დაფარვა, – ამბობს პეტერფი. – ეს ძველი ტექნიკაა”.

გარკვეული აზრით, კოვიდ- 19 მადლიც იყო Robinhood-ისთვის და წყევლაც.

პანდემიამ Robinhood-ის მილიონობით მომავალი მომხმარებელი შინ გამოამწყვდია, თავშესაქცევებისგან (მაგალითად, სპორტისგან) გაათავისუფლა და სწრაფი ინტერნეტით აღჭურვილები, მთავრობის მუქთა ფულითაც მოამარაგა. საფონდო ბირჟამ, ამასობაში, დიდი მღელვარება გააჩინა – ერთ ადგილას რომ არ გაჩერებს, ისეთი: ჯერ დავარდა, მერე აღზევდა, რითაც ცეცხლი შეუნთო ისეთ სუპერვარსკვლავებს, როგორიც Amazon-ია, და გამოაცოცხლა ისეთი ცოცხალ- მკვდარი აქციები, როგორიც Chesapeake Energy-ია. ამ ყველაფრის შედეგი კი ახალბედა საბროკეროს უპრეცედენტო ზრდა იყო. Robinhood-ი დღეს 13 მილიონი დარეგისტრირებული სამომხმარებლო ანგარიშით იწონებს თავს – თითქმის იმდენით, რამდენითაც პატივცემული Charles Schwab-ი, რომელსაც, 49 წლის თავზე, 14 მილიონი დაფინანსებული ანგარიში აქვს და, სულ მცირე, ორჯერ მეტი, ვიდრე 6 მილიონი ანგარიშის მქონე E-Trade-ს.

ამასთან, კომპანია ერთგვარი თამაშის წესების შემცვლელიც გამოდგა ზოგიერთი თავისი კლიენტისათვის. 23 წლის ტეილორ ჰამილტონმა – IT-ში მომუშავემ, რომელმაც University of Pennsylvania 2018 წელს დაამთავრა – Robinhood-ის ანგარიში მარტში გახსნა და ვაჭრობას შეუდგა. მან ე.წ. პუტ- ოპციონების ყიდვა დაიწყო სამგზავრო ინდუსტრიის ისეთი დაღმავალი ფონდებიდან, როგორიც Delta და Uber-ია, მოგვიანებით კი ქოლები იყიდა Boeing-იდან და სხვა დაჩაჩანაკებული კომპანიებიდან; მან სწორად ივარაუდა, რომ ეს კომპანიები, ობლიგაციების ბაზრის მეშვეობით, მთავრობის დე ფაქტო ფინანსური დახმარებებიდან იხეირებდნენ.

ოთხი თვისა და 300 ვაჭრობის შემდეგ, ჰამილტონმა თითქმის $100,000 მოიხვეჭა და სტუდენტური სესხებიც – $15,000 – გადაიხადა. “ისეთ შესაძლებლობას ჰგავდა, ცხოვრებაში ერთხელ რომ გეძლევა“, – ამბობს ჰამილტონი, რომლის თანახმადაც, მოგებათა უმეტესობა საბანკო ანგარიშზე გადაიტანა, რათა არ გასჩენოდა ვაჭრობის (და ამ მოგებების დაკარგვის) ცდუნება.

პანდემიამ Robinhood-ის მეჭეჭებიც გამოააშკარავა. ბაზრის ერთდღიანი 5%-იანი გულის წასვლისა და მარტის დასაწყისში ფეხზე წამოდგომის განმავლობაში, Robinhood- ის მომხმარებლებს, თითქმის ორი დღის მანძილზე, წვდომა მთლიანად შეუჩერდათ თავიანთ ანგარიშებზე: საბროკერო ფირმის ტექნოლოგიურმა სისტემებმა გაათმაგებული მოთხოვნების წნეხს ვერ გაუძლო. გაბრაზებული მომხმარებლები Robinhood-ზე ჯავრს სოციალურ მედიაში იყრიდნენ, სასამართლოში კი ათზე მეტი სარჩელი შევიდა კომპანიის წინააღმდეგ.

ბოლო რამდენიმე თვეა, Robinhood-ი მშვიდად ახდენს საკუთარი თავის რეკონსტრუირებას. ტენევის თქმით, კომპანია მსხვილ ტექნოლოგიურ ინვესტიციებს ახორციელებს, რათა ტევადობა და სისტემის საიმედოობა გაზარდოს. ცინცხალი ვენჩურული კაპიტალის, $800 მილიონის, მნიშვნელოვანი ულუფა სწორედ ამგვარ გაუმჯობესებებსა და შტატში ინჟინრების დამატებაზე იხარჯება (300 ინჟინერი ისედაც ჰყავთ).

კერნსის ტრაგედიის შემდეგ, Robinhood-ის ოპციონური ვაჭრობის ინტერფეისიც რევიზიას გადის. კომპანიას პირობა აქვს დადებული, რომ დაეხმარება თავის მომხმარებლებს, საფუძვლიანი ინფორმაცია მიიღონ ვაჭრობის უაღრესად სპეკულაციური ბუნების შესახებ. ეს გულისხმობს „ოპციონების განათლების სპეციალისტის” დაქირავებასა და “აპლიკაციის შიდა მესიჯებისა და იმეილების გაუმჯობესებას“, რომელთაც კომპანია მომხმარებლებს უგზავნის კომპლექსურ ოპციონურ ვაჭრობასთან დაკავშირებით. ამ საბროკერო აპლიკაციამ აგვისტოში განაცხადა, რომ 2020-ის ბოლოსთვის თავისი ტეხასისა და არიზონის ოფისებში სამომხმარებლო სერვისის ასობით ახალ წარმომადგენელს დაიქირავებდა.

შიდა სამზარეულოში ჩახედულთა თანახმად, კომპანიაში, ბოლო დროს, ერთგვარად საგანგებო სიტუაციის განწყობა სუფევს. ორი წელია, Robinhood-ი საჯაროდ ლაპარაკობს პირველად საჯარო შეთავაზებაზე. ახლა, როცა საპროცენტო განაკვეთები ნულს უახლოვდება, ხოლო საფონდო ბირჟა გრგვინავს, საჯარო შეთავაზების ფანჯარა ღიაა, თუმცა ეს სამუდამოდ არ გასტანს.

უკეთესი ვარიანტი, – მით უფრო, თუ Robinhood-ის ამჟამინდელ პრობლემებს გავითვალისწინებთ, – შესაძლოა, მისი სწრაფი მიყიდვა იყოს ისეთი სრულსერვისიანი ფირმებისთვის, როგორიც Goldman Sachs-ი, UBS-ი ან Merrill Lynch-ია. მსგავსი ნაბიჯი უდავოდ უზრუნველყოფდა კომპანიის ახალგაზრდა დამფუძნებლებს, ტენევსა და ბჰატს, მილიარდდოლარიანი ჯეკპოტით. და როგორც ყველა კარგმა მოვაჭრემ იცის, უმჯობესია, მაშინ გაყიდო, როცა შეგიძლია, ვიდრე მაშინ, როცა იძულებული ხარ.