მილიარდერი ფილანთროპი ბილ გეითსი იმაზე საუბრობს, რაც მსოფლიოს კორონავირუსის შესაჩერებლად და ეკონომიკის გასახსნელად სჭირდება. ამის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელმა თავის ბლოგ-პოსტში ისაუბრა.
გეითსი თავდაპირველად ამბობს, რომ საჭიროა სამკურნალო საშუალებების, ვაქცინების, ტესტების და კონტაქტების დადგენის საშუალებების შექმნა. მილიარდერი შექმნილ სიტუაციას ომს ადარებს.
“მეორე მსოფლიო ომის დროს, ძალიან ბევრი ინოვაცია შეიქმნა, მათ შორის რადარები, სანდო ტორპედოები, რაც დაეხმარა ომს სწრაფად დასრულებაში. იგივენაირად იქნება პანდემიის დროსაც“, – წერს გეითსი.
ამერიკელი მილიარდერის თქმით, ხუთი მთავარ მიმართულებით არის საჭირო ინოვაცია:
სამკურნალო საშუალებები. გეითსი ამბობს, რომ ის აცნობიერებს, ბევრი საშუალებები არ გამართლდება, თუმცა, ის მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ მიკვლეული იქნება წარმატებული სამკურნალო საშუალება, რაც კორონავირუსის ზეწოლას შეამცირებს. საზოგადოებას სჭირდება სამკურნალო საშუალებები, რაც 95%-ის შემთხვევაში იქნება ეფექტური, რათა ადამიანმა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ მაგალითად ფეხბურთის მატჩზე დასწრების, კონცერტზე წასვლის და ა.შ. შემთხვევაში. მან მიუთითა ამ კუთხით სისხლის პლაზმის, ან ანტისხეულების, ანტივირუსული საშუალებების გამოყენებაზე და ახსენა ჰიდროქსიქლოროქვინიც.
ვაქცინა. ეს არის ერთადერთი გზა, ადამიანები დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. თუმცა, გეითსის თქმით, როგორც წესი ვაქცინას შესაძლოა ხუთი წელიც დასჭირდეს. მანვე დასძინა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვს, რომ ვაქცინა 18 თვეში უკვე ხელმისაწვდომი იქნება.
ტესტირება. გეითსი ამბობს, რომ აშშ-მა ტესტირება პრიორიტეტად უნდა აქციოს და დააჩქაროს ტესტირების პროცესი, რათა შედეგები ერთ დღეში იყოს ხელმისაწვდომი. ამასთან, მილიარდერის აზრით, ჯანდაცვის მუშაკებს ყველას უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ტესტებზე, ხოლო ასიპტომური ადამიანები უნდა დაელოდონ იმას, რომ ჯერ ყველა სიმპტომატური ადამიანის ანალიზის აღება მოხდეს. მისივე თქმით, ანალიზის აღება სახლშიც უნდა იყოს შესაძლებელი.
კონტაქტების დადგენა. გეითსი ამბობს, რომ ადამიანებს, რომელთაც შეხება ჰქონდათ დაინფიცირებულებთან, პირველ რიგში უნდა აუღონ ანალიზი და თვითიზოლაციაში გაუშვან. მილიარდერი ფიქრობს, რომ ქვეყნების უმრავლესობა გერმანიის მოდელს მიჰყვება, რომელიც დაინფიცირებულების გამოკითხვას გულისხმობს და შემდეგ მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანების გამოვლენას.
გახსნა. ბილ გეითსის თქმით, განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა პანდემიის მეორე ფაზაში მომდევნო ორ თვეში შევა. ამის შემდეგ მსოფლიო ნახევრად ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება, თუმცა, სოციალური დისტანცირება კვლავ შენარჩუნდება. მისივე მოსაზრებით, ქვეყნები სხვა სახელმწიფოების მაგალითებს უნდა დააკვირდნენ და ისე გახსნან ბიზნესები.