ხვალ გაეროს უშიშროების საბჭოში პალესტინის სრულფასოვან წევრობას კენჭს უყრიან

ხვალ გაეროს უშიშროების საბჭოში პალესტინის სრულფასოვან წევრობას კენჭს უყრიან

გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში კენჭს უყრიან პალესტინის მთავრობის მოთხოვნას სრულფასოვანი წევრობის მინიჭებასთან დაკავშირებით. უშიშროების საბჭოს 15 წევრი სახელმწიფო განიხილავს რეზოლუციის პროექტს, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 193 ქვეყანას „პალესტინის სახელმწიფოს გაეროში გაწევრების“ რეკომენდაციას აძლევს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დიდი პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს. დიპლომატები მიიჩნევენ, რომ აშშ რეზოლუციას ვეტოს დაადებს, რადგან პალესტინისათვის სრულფასოვანი წევრობის მინიჭება ავტომატურად პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ნიშნავს, რაზეც პოლიტიკური თანხმობა არ მიღწეულა.

ცნობისთვის, რეზოლუციის მისაღებად საბჭოს არამუდმივი 9 ქვეყნის მხარდაჭერა და ვეტოს უფლების მქონე ქვეყნებისაგან ვეტოს გამოუყენებლობაა საჭირო. დიპლომატები ვარაუდობენ, რომ რეზოლუციას მხარს 13 სახელმწიფო დაუჭერს, აშშ კი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებას აშშ, საფრანგეთი, ბრიტანეთი, ჩინეთი და რუსეთი ფლობენ.

რეზოლუცია უშიშროების საბჭოში მისმა არამუდმივმა წევრმა, ალჟირმა დაარეგისტრირა. უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი 10 სახელმწიფო რეგიონული პრინციპით 2-წლიანი ვადით აირჩევა.

გაეროში აშშ-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის საკითხი პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უშუალოდ ისრაელისა და პალესტინის მთავრობებმა უნდა გადაწყვიტონ და ეს გაეროს იურისდიქციას არ ექვემდებარება.

პალესტინა ამჟამად არაწევრი, ე.წ. დამკვირვებელი სახელმწიფოა, რომლის სახელმწიფოებრიობა გენერალურმა ასამბლეამ დე ფაქტო 2012 წელს აღიარა. აპლიკანტისათვის გაეროს სრულუფლებიანი წევრობის მისანიჭებლად გაეროს უშიშროების საბჭოსა და გაეროს ასამბლეის 2/3-ის თანხმობაა საჭირო.