„ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 22 წლის ქართველის ანგარიშზე ჩემპიონატში 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.
შეგახსენებთ, კვარაცხელია „ნაპოლიში“ ბათუმის „დინამოდან“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა. Transfermarkt-ის ცნობით, იტალიელებმა მის სანაცვლოდ 11.50 მილიონი ევრო გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ თუ ტრანსფერის განხორციელებისას ხვიჩას საბაზრო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენდა, ამჟამად მისი ფასი 85 მილიონ ევრომდეა გაზრდილი.
სერია A-მ საუკეთესოები სხვა ნომინაციებშიც გამოავლინა. მათ შორის, ეს წოდება მწვრთნელებიდან ლუჩანო სპალეტიმ (ნაპოლი) მოიპოვა. საუკეთესო ფორვარდად კი ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) დასახელდა. საუკეთესო მცველი – კიმ მინ-ჯე (ნაპოლი), ნახევარმცველი – ნიკოლო ბარელა (ინტერი), მეკარე კი – ივან პროვედელი (ლაციო) გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის საუკეთესოდ ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი) დაასახელეს.