ცოტა ხნის წინ, იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ მილანში სერია A-ს 2022-23 წლების სეზონის გალა-დაჯილდოება გამართა. ღონისძიებაზე AIC-მ სეზონის გამორჩეულ მოთამაშეებს სხვადასხვა ჯილდო გადასცა.
სერია A-ს 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, „ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი დასახელდა. შეგახსენებთ, სერია A-მ 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზაფხულში კვარაცხელია დაასახელა.
თუმცა „ნაპოლის“ ქართველი შემტევი არც იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციისგან დარჩა უყურადღებოდ. AIC-მ ხვიჩა სეზონის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. გარდა ამისა, კვარაცხელიას მიერ „ატალანტას“ წინააღმდეგ თამაშისას გატანილი გოლი 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო გოლად აღიარა.
2022-23 წლების სეზონის საუკეთესო კლუბად იტალიის მოქმედი ჩემპიონი, „ნაპოლი“ დასახელდა. საუკეთესო მწვრთნელის ტიტული კი ლუჩანო სპალეტის ერგო, რომელმაც კლუბი გაჩემპიონების შემდეგ, ახალი სეზონის დაწყებამდე დატოვა.