Transfermarkt-მა „ნაპოლის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება განაახლა. მან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერის ფასი 5 მილიონი ევროთი, 85 მილიონ ევრომდე გაზარდა.
კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება ზუსტად 5 მილიონი ევროთი, €80 მილიონამდე ერთი წლის წინ, დეკემბერში შემცირდა. ამის შემდეგ, Transfermarkt-ს ქართველი ფეხბურთელის ფასი ივნისის განახლების დროს არ შეუცვლია.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას „ნაპოლის“ მაისურით 17 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა შორის ხუთი გოლის გატანა და სამი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
შეგახსენებთ, ხვიჩას კარიერა დინამოს აკადემიიდან დაიწყო, საიდანაც ის, 2017 წელს, „დინამო თბილისში“ მოხვდა. 2018 წლის მარტში კვარაცხელია 180,000 ევროდ „რუსთავმა“ შეიძინა. ამ კლუბში კვარაცხელიამ ერთი წელი გაატარა და 2019 წლის თებერვალში იჯარის წესით კარიერა რუსეთში, კერძოდ მოსკოვის „ლოკომოტივში“ გააგრძელა. ამ დროისათვის ხვიჩას საბაზრო ღირებულება 350,000 ევროს შეადგენდა. ქართველ ფეხბურთელის იჯარის თანხა კი 100,000 ევროს შეადგენდა.
2019 წლის ზაფხულში იჯარის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულებამ უკვე 900,000 ევროს მიაღწია. „რუსთავში“ დაბრუნებიდან მალევე, ხვიჩა რუსეთში, ამჯერად ყაზანის „რუბინში“ გადასვლას დასთანხმდა. კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 600,000 ევრო გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისში ქართველის საბაზრო ღირებულებამ 18 მილიონ ევროს მიაღწია.
კვარაცხელიამ „რუბინი“ 2022 წლის მარტში, კლუბთან კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ადრე დატოვა. ამის მიზეზი ამავე წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრა და მის შემდგომ განვითარებული მოვლენებია. აღნიშნული მიზეზით რუსეთში კარიერის გაგრძელებაზე უარი არაერთმა სპორტსმენმა განაცხადა.
ხვიჩა „რუბინიდან“ კვლავ საქართველოში დაბრუნდა და თამაში ბათუმის „დინამოში“ გააგრძელა. ამ დროს მისი საბაზრო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენდა. ჯერ კიდევ რუსეთში თამაშის დროს კვარაცხელიას შეძენით არაერთი გრანდი ინტერესდებოდა, ამიტომ ხვიჩასა და ბათუმის „დინამოს“ გზები მალევე გაიყარა, რაც მოულოდნელი არავისთვის ყოფილა.
საბოლოოდ, ქართველმა ფეხბურთელმა შეთანხმებას იტალიის სერია A-ს კლუბთან მიაღწია და 2022 წლის ივლისში სათამაშოდ „ნაპოლიში“ გადავიდა. ტრანსფერის განხორციელების დროს ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა იტალიელებმა მის სანაცვლოდ 11.5 მილიონი ევრო გადაიხადეს.
იტალიის სერია A-ში გამორჩეული სადებიუტო სეზონის განმავლობაში კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება არაერთხელ გაიზარდა, უმაღლეს ნიშნულს კი, 85 მილიონ ევროს, პირველად 2023 წლის მარტში მიაღწია.
€85-მილიონიანი საბაზრო ფასით, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ჩამონათვალში, მოცემული დროისთვის, 21-ე პოზიციას „ლივერპულის“ მოთამაშე ლუის დიასთან ერთად იყოფს. ქართველ ფეხბურთელებს შორის კი ხვიჩა საბაზრო ღირებულებით პირველ ადგილს იკავებს.