კიბერშეტევა საფრანგეთის სუპერმარკეტებზე: მაცივრებში ტემპერატურის მატებამ ხანძარი და საკვების გაფუჭება გამოიწვია

კიბერშეტევა საფრანგეთის სუპერმარკეტებზე: მაცივრებში ტემპერატურის მატებამ ხანძარი და საკვების გაფუჭება გამოიწვია

ფოტო: Fred Tanneau / AFP via Getty Images

საფრანგეთში ჰაკერული თავდასხმის შედეგად ასობით სუპერმარკეტის მაცივრებსა და საყინულეებში ტემპერატურა 50 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა, რამაც საკვების გაფუჭება და ხანძრები გამოიწვია. პარიზის პროკურატურის განცხადებით, მასშტაბური კიბერშეტევა ქვეყანაში რამდენიმე მსხვილი სასურსათო ქსელის მაცივრის სისტემებს შეეხო.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების ეროვნულ სააგენტოს (ANSSI) ინციდენტის გამოძიება დაავალა. საფრანგეთის ხელისუფლება საკითხზე ევროპის სხვა ქვეყნებთანაც თანამშრომლობს, რადგან თავდასხმას შესაძლოა საერთაშორისო მასშტაბი ჰქონდეს.

კომპანია Sekoia Threat Detection and Research-ის კიბერსაფრთხეების დაზვერვის უფროსი ანალიტიკოსის, ფელიქს აიმეს ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები ესპანეთში, პორტუგალიაში, პოლონეთში, გერმანიასა და ბელგიაშიც დაფიქსირდა.

თავდასხმის შედეგად დაზარალებულ ქსელებს შორისაა Carrefour-ი, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტი მის 80 სუპერმარკეტს შეეხო. Monoprix-ის ინფორმაციით, დაზიანდა მისი მაღაზიების დაახლოებით 5%, მაშინ როდესაც ქსელი საფრანგეთში დაახლოებით 490 მაღაზიას აერთიანებს. Intermarché-ის მფლობელი ჯგუფის, Les Mousquetaires-ის განცხადებით, დაახლოებით 150 მაღაზიაში მაცივრების ტემპერატურა ექვსი საათის განმავლობაში 50 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა. ჯანმრთელობისთვის შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, დაზიანებული საკვები პროდუქტები სრულად გადაყარეს.

თავდასხმის სამიზნე გახდა Cooperative U-ს სუპერმარკეტების ქსელიც. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დომინიკ შელშერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ახალი პროდუქტების შენახვისა და მოსახლეობის სურსათით მომარაგებისთვის აუცილებელ მოწყობილობებზე თავდასხმა უკიდურესად სერიოზული და უპრეცედენტო შემთხვევაა.

ზარალის საერთო ოდენობა ამ ეტაპზე შეფასებული არ არის, თუმცა Intermarché-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტიერი კოტიარის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ქვეყნის მასშტაბით ერთ დღეში მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა ათეულობით მილიონ ევროს მიაღწიოს.

ევროპული საცალო ვაჭრობის ასოციაცია EuroCommerce-ის გენერალურმა დირექტორმა კრისტელ დელბერგემ მომხდარს მიწოდების მთელი ჯაჭვის მდგრადობის მნიშვნელობის კიდევ ერთი შეხსენება უწოდა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი