ქართულმა სტარტაპმა, KLIPY-მ, $3.8 მილიონი მოიზიდა – ინვესტორებს შორის Google AI Futures Fund-იცაა

ქართულმა სტარტაპმა, KLIPY-მ, $3.8 მილიონი მოიზიდა – ინვესტორებს შორის Google AI Futures Fund-იცაა

ფოტო: Klipy

ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, KLIPY-მ, $3.8 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა. ინვესტიციის მოზიდვის შესახებ ინფორმაცია LinkedIn-ზე სტარტაპის თანადამფუძნებელმა და CEO-მ, გივი ბერიძემ გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, საინვესტიციო რაუნდში მონაწილეობდნენ: Google AI Futures Fund-ი, Sturgeon Capital-ი, Red Swan Ventures-ი, SilverCircle-ი, I2BF Global Ventures-ი, Babylon VC, Capra Ventures-ის წარმომადგენელი იაშ პატელი და ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია.

გივი ბერიძის თქმით, ბოლო რამდენიმე თვე კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: KLIPY Google I/O-ს მთავარ სცენაზე წარადგინა ლოგან კილპატრიკმა; პლატფორმამ თვიურად 1 მილიარდზე მეტ მოთხოვნას გადააჭარბა; კომპანიის API-ებზე თითქმის 10,000 დეველოპერის აპლიკაცია დარეგისტრირდა; პარტნიორებს შორის კი არიან Microsoft SwiftKey, BeReal-ი და სხვები.

„რამდენიმე წლის წინ GIF-ების, სტიკერების, კლიპების, მიმების, ძიების, მოდერაციის, მონეტიზაციისა და დეველოპერული API-ების გლობალური ინფრასტრუქტურის შექმნას დიდი გუნდი და $50-100 მილიონზე მეტი დაფინანსება დასჭირდებოდა. ჩვენ გვჯეროდა, რომ ამის გაკეთება სხვაგვარადაც შეიძლებოდა,“ – ამბობს KLIPY-ის CEO.

მისივე თქმით, წარმატების მიღწევა მცირე გუნდით, ძლიერი ტექნოლოგიური ფოკუსითა და სწორი დროის შერჩევით შეძლეს.

„ადრეულ ეტაპზე დავდეთ ფსონი, რომ თვითგამოხატვა ციფრული კომუნიკაციის ერთ-ერთ ძირითად ფენად იქცეოდა და რომ ხელოვნური ინტელექტი, ძიება, უსაფრთხოება და მონეტიზაცია ერთიან ინფრასტრუქტურულ პლატფორმაში უნდა გაერთიანებულიყო. დღეს ეს ფსონი უკვე რეალურ მასშტაბში გადაიზარდა,“ – დასძენს ბერიძე.

ცნობისთვის, KLIPY (kikliko) 2022 წელს გივი ბერიძემ, ვასკა ჩადუნელმა და ფრენკ ნავაბიმ დააარსეს. იგი GIF-ების, სტიკერების, მიმებისა და ვიდეოკლიპების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმაა, რომელიც აპლიკაციებს კონტენტის მარტივად ინტეგრირებისა და მონეტიზაციის შესაძლებლობას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ გივი ბერიძე და ვასკა ჩადუნელი Forbes Georgia-ს პროექტ Under 30-ის გამარჯვებულები არიან.