კომპანიები კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ - ტრანსფორმაცია და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა

კომპანიები კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ - ტრანსფორმაცია და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა

გარემოს დაცვის არაკომერციული ორგანიზაცია CDP ყოველწლიურად იმ კომპანიების სიას აქვეყნებს, რომლებიც ეკოლოგიური კეთილდღეობის მისაღწევად პოზიტიურ ცვლილებებს ახორციელებენ. 2020 წლის “Climate A List”-ში ისეთი კომპანიები მოხვდნენ, როგორიც არის: Google, Microsoft, Walmart, Hilton Worldwide, British American Tobacco, Coca-Cola, Philip Morris International და სხვა.

Microsoft-ის მიზანს, მაგალითად, 2030 წლისთვის არა გამონაბოლქვის ნულოვანი დონის, არამედ გამონაბოლქვის ნეგატიური დონის მიღწევა წარმოადგენს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ნეგატიურ დონეზე გადასვლით Microsoft-ი გეგმავს, რომ 2050 წლისთვის გაანეიტრალოს ყველა იმ გამონაბოლქვისა და ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანი, რომელიც კომპანიამ 1975 წლიდან მოყოლებული განახორციელა. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანია საკუთარი ენერგომოხმარების მიქსში სრულად განახლებადი ენერგიების წილის გაზრდას გეგმავს.

გამაგრილებელი სასმელების გიგანტი Coca-Cola კი გეგმავს, რომ 2030 წლისთვის შეაგროვოს და გადაამუშაოს კომპანიის მიერ წარმოებული ყველა პლასტმასისა თუ ქილის ბოთლი და შექმნას 50%-ით გადამუშავებადი შეფუთვა.

“ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შედეგად “Climate A List”-ში მეექვსედ მოხვდა. კომპანიის განცხადებით, მის მიზანს, თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნა წარმოადგენს, რისთვისაც კომპანია ნაკლები ზიანის შემცველი პროდუქტების განვითარებაში დებს ინვესტიციებს.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, 2030 წლისთვის “ფილიპ მორისი“ საკუთარ საწარმოებში გამონაბოლქვის ნულოვანი დონის მიღწევას გეგმავს. ამ მიზნით კომპანიამ 2019 წელს გამონაბოლქვისგან თავისუფალი პირველი ქარხანა გახსნა ლიეტუვაში, 42%-ით შეამცირა ქარხნების საქმიანობის შედეგად გამოყოფილი CO2 -ის ოდენობა და გადავიდა ელექტროენერგიის 65%-ის განახლებადი ენერგიის წყაროდან მოხმარებაზე.

“პროდუქტის შექმნის დროს კორპორაციების საქმიანობის შედეგად გარემოზე განხორციელებული უარყოფითი ეფექტის შემცირება მათივე პასუხისმგებლობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მათ თვალი უნდა ადევნონ რა გზას გადის პროდუქტი შექმნიდან გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ“, – განაცხადა ჰაბ საველკოუსმა, კომპანიის მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა. 

გარემოს არანაკლებ პროლემებს უქმნის თამბაქოს ინდუსტრიის მიერ გამოყოფილ პლასტმასის ნარჩენებიც. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად 350 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი გროვდება, მათ შორის არის სიგარეტის ფილტრებიც, რომლის დაშლასაც სხვა პლასტიკატების მსგავსად, ხანგრძლივი პერიოდი ესაჭიროება. სწორედ ამიტომ, კომპანიის მიზანს 2025 წლისთვის PMI-ის პროდუქტში შემავალი პლასტმასის შემცველობის ოდენობის 50%-ით შემცირება წარმოადგენს.

“ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემოსთვის არასაზიანო ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნება გადამუშავებადი და ეკოლოგიურად ეფექტური. მაგალითად, IQOS მოწყობილობის 74% გადამუშავებადი მასალისგან არის შექმნილი, ჩვენი შეფუთვების 93.5% გადამუშავებად და განახლებად პროდუქტს წარმოადგენს“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

კერძო ინიციატივა ფასდაუდებელია, როცა საქმე გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას ეხება. 2020 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მთავარი განსახილველი თემაც გლობალური რისკები იყო. World Economic Forum-ის განცხადების თანახმად, ყველა მაჩვენებელი ეკოლოგიური სიტუაციის გაუარესებაზე მიუთითებს, რაც კერძო და საჯარო სექტორებს მიანიშნებს, რომ დროა დააჩქარონ საკუთარი ტრანსფორმაცია და კლიმატური რისკების შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები უფრო ეფექტურად გადადგან.