კორონავირუსი: 5 ქვეყანა ყველაზე მოქნილი ეკონომიკით

კორონავირუსი: 5 ქვეყანა ყველაზე მოქნილი ეკონომიკით

კორონავირუსის პანდემიამ უპრეცედენტო მასშტაბის გაურკვევლობა წარმოქმნა გლობალურ ეკონომიკაში. ჯანდაცვის კრიზისის მართვა მნიშვნელოვანია ეკონომიკური სტაბილურობისთვისაც. ექსპერტები უკვე ცდილობენ დაიწყონ შეფასება იმ ვითარების, თუ როგორ შეძლებენ ესა თუ ის ქვეყნები ვირუსის შედეგად გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლას.

ამის კარგად აღსაქმელად BBC-მ  მოიყვანა 2019 წლის გლობალური მოქნილობის ინდექსი, როელიც 130 ქვეყანაში ბიზნესგარემოს მოქნილობის მიხედვით რეიტინგს მოიცავს. რეიტინგი შედგენილია პოლიტიკური სტაბილურობის, კორპორაციული მართვის, რისკების გარემოს და მიწოდების ქსელის ლოგისტიკის მიხედვით. ამ რეიტინგის მიხედვით და ასევე იმის მიხედვით, ესა თუ ის ქვეყანა როგორ პასუხობს ვირუსის გამოწვევებს, BBC-მ ის ქვეყნები გამოავლინა მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც აქვთ მეტი შანსი შეინარჩუნონ სტაბილურობა და მოქნილობა. ეს ქვეყნებია:

დანია

ინდექსის რეიტინში დანია მეორე ადგილასაა, თუმცა, ამ ქვეყანას უმაღლესი შეფასება აქვს მიწოდების ქსელის და კორუფციის დაბალი დონის კუთხით. ამასთან, ამ ქვეყანამ საკმაოდ სწარაფად უპასუხა ვირუსის გამოწვევებს. სკოლები და ბიზნესის ნაწილი 11 მარტს დახურა, საზღვრები კი 14 მარტს ჩაკეტა, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო დადასტურებული.

დანიელი ხალხის კულტურამაც ხელი შეუწყო ამ ზომების ეფექტურობას, ვინაიდან მოსახლეობას მთავრობის მიმართ ნდობა აქვს. ასევე მათ ერთიანობა ახასიათებთ. სიტყვა “samfundssind“, რაც სამოქალაქო გრძნობას, მოვალეობას ნიშნავს, დანიაში როგორც სოციალურ, ასევე ტრადიციულ მედიაში ახლა უკვე ხშირად გაისმის. მოსახლეობა მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს.

ასევე ამ ქვეყანაში იგრძნობა რომ ეს არის გლობალური კრიზისი. დანიის მოქნილობა დამყარებული იქნება იმაზე თუ როგორ ადაპტირდება და შეინარჩუნებს დანარჩენი მსოფლიო ღია ვაჭრობას. „დანიის კარგად განვითარებულმა ფარმაცევტულმა სექტორმა შესაძლოა დაამტკიცოს თავისი უპირატესობა“, – განაცხადა აარუპ კრისტიანსენმა, რომელიც Pissup Tours-ის მმართველი პარტნიორია.

სინგაპური

სინგაპურს თავისი ძლიერი ეკონომიკის გამო მოქნილობის ინდექსში მაღალი ქულა აქვს. სინგაპურში ასევე დაბალია პოლიტიკური რისკები, კორუფციაც, ასევე ქვეყანას ძლიერი ინფრასტრუქტურა აქვს. ამასთან, ქვეყანამ საკმაოდ სწრაფად მოახერხა ვირუსის სწრაფი გავრცელების შეჩერება.  

„ჩვენ უდიდესი ნდობა გაგვაჩნია მთავრობის მიმართ, რომელიც ძალიან გამჭვირვალეა კრიზისთან ბრძოლის თითოეულ ნაბიჯში“, – განაცხადა მონაცემთა ანალიზის პლატფორმა Konigle-ის თანამშრომელმა კონსტანს ტანმა. მისივე თქმით, სინგაპურში ყველა მუშაობს ერთად, და ისინი არ წუხან იმის გამო, რომ შეიძლება სოციალური არეულობა მოხდეს, ან მოსახლეობა დაიღუპოს ქუჩებში, ასევე ისინი არ ელოდებიან ეკონომიკურ დესტაბილიზაციასაც.

მოსახლეობას სინგაპურში სჯერა, რომ ქვეყნის მომავალი კარგია.

აშშ

აშშ-ის გეოგრაფიულად რომ შევხედოთ, მოქნილი ეკონომიკის ინდექსის მიხედვით ქვეყანა დაყოფილია დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებად. ხოლო როგორც მთლიანი ქვეყანა, აშშ-ი ერთ-ერთ დაბალრისკიანი ბიზნესგარემოთი და ძლიერი მიწოდების ქსელებით გამოირჩევა.

ვირუსის გავრცელების შეჩერება ნამდვილად არის უდიდესი გამოწვევა ისეთი ქალაქებისთვის, როგორიცაა მაგალითად ნიუ-იორკი. ქვეყანაში ასევე უმუშევრობის დონე უკვე ისტორიულ ნიშნულს მიუახლოვდა. თუმცა, ქვეყნის მთავრობამ საკმაოდ სწრაფად გადადგა ნაბიჯი ეკონომკის სტაბილიზების ზომების კუთხით, ასევე ხორციელდება სოციალური დისტანცირების სტრატეგია, რაც გავლენას იქონიებს და შეამცირებს ვირუსის საერთო გავლენებს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას უფრო სწრაფი აღდგენის შესაძლებლობას მისცემს.

Goldman Sachs-ის და Morgan Stanley-ის პროგნოზებით, მოსალოდნელია ე.წ V-ფორმის რეცესია და შემდეგ აღდგენა, ამ ყველაფერს უპრეცედენტოდ ნეგატიური გავლენები მოჰყვება, რისი დიდი ნაწილიც უკვე სახეზეა, თუმცა, სწრაფი გაჯანსაღებაც მოსალოდნელია წლის ბოლო კვარტლებში. McKinsey-ის კონსულტანტები კი უფრო გაზომვად, თუმცა, მაინც ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებენ. ისინი აცხადებენ, რომ აღდგენის პროცესი დაფუძნებული იქნება ჯანდაცვის საკითხების წარმატებით განხორციელებაზე. აშშ-ის მაგალითი ასევე მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიო ეკონომიკისთვის, და მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღება დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ აშშ-ი როგორ შეძლებს ამას.

რუანდა

რუანდამ ბოლო წლებში მოქნილობის ინდექსში საკმაოდ დიდი ნახტომი გააკეთა, ეს შესაძლოა კორპორაციული მართვის გაუმჯობესების დამსახურებაა. ახლა ის მსოფლიო რეიტინგში 77-ე ადგილს იკავებს, აფრიკაში კი რიგით მეოთხეა. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუანდამ საკმაოდ კარგად გაართვა თავი ებოლას ვირუსის დამარცხებას 2019 წელს, როდესაც ვირუსის ეპიდემია მის მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიწყო.

რუანდას საკმაოდ შერეული უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა აქვს. საზღვარზე თერმომეტრით მოქალაქეების ტემპერატურის შემოწმებას ახორციელებენ, სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება კი დრონებით ხდება. ამგვარად, ეს ქვეყანა საკმაოდ კარგად არის ეკიპირებული იმისათვის, რომ კრიზისის დროს სტაბილურობა შეინარჩუნოს.

„ჩემნაირად უამრავი უცხოეული სტუდენტი რჩება აქ, ვინაიდან ჩვენ გვჯერა, რომ რუანდის მთავობა ამ სიტუაციას გაუმკლავდება უფრო კარგად, ვიდრე ჩვენი მშობლიური ქვეყნები“, – აღნიშნავს აფრიკული ლიდერობის უნივერსიტეტის სტუდენტი გარნეტ ეჩინგი.

აღსანიშნავია, რომ რუანდა სუბსაჰარული აფრიკის რეგიონში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სრულად ჩაკეტა საზღვრები და კარანტინი გამოაცხადა. ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობისთვის კართან საკვები მიაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ აფრიკაში რუანდა საკმაოდ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, უცხოელი სტუდენტი იმედოვნებს, რომ ქვეყანა კრიზისიდან მალე გამოვა.

ახალი ზელანდია

მოქნილობის ინდექსში ახალი ზელანდია რიგით მე-12-ეა. ამ ქვეყანამ ასევე საკმაოდ სწრაფად შეძლო ვირუსის გავრცელების შენელება, დახურა საზღვრები საერთაშორისო მოგზაურებისთვის. ასევე ქვეყანაში დახურულია ბიზნესები.

„კუნძულოვანი სახელმწიფოსთვის, მარტივია საზღვრების კონტროლი, ასე რომ  მათ ჩაკეტვას აქვს თავისი შედეგი. სხვა ქვეყნებთან შედარებით ახალი ზელანდიის რეაგირება კრიზისზე იყო საკმაოდ გადამწყვეტი და გაბედული“, – აღნიშნა საკონსულტაციო კომპანია Sense Partners-ის ეკონომისტმა შამუბელ იქაბმა.

იმის გამო, რომ ახალი ზელანდიის ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ სექტორებს ტურიზმი და ექსპორტი წარმოადგენს, ქვეყანა საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დგება, თუმცა, როგორც ეკონომისტი ამბობს, არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი ცუდად წარიმართოს.

საერთო ჯამში ქვეყანა საკმაოდ კარგ პოზიციაზეა სტაბილური აღდგენის კუთხით, ახალ ზელანდიას სამთავრობო ვალები ძალიან მცირე აქვს, ასევე მთავრობას შეუძლია დატოვოს საპროცენტო განაკვეთები დაბალი. და რაც მთავარია, ეკონომისტის თქმით, ახალი ზელანდია საკმაოდ მაღალი ნდობით აღჭურვილი ქვეყანაა.