უდავოა, რომ პანდემიას გლობალურ ეკონომიკაზე უაღრესად ნეგატიური, გარკვეულწილად, დამანგრეველი გავლენა ჰქონდა, თუმცა ისტორია ცხადყოფს, რომ ყოველ კრიზისს თან ახლავს თავისი გამარჯვებულები – გამონაკლისი არც 2020-22 წლები ყოფილა.
ლოკდაუნების, დისტანციური მუშაობისა და მკაცრი რეგულაციების ეპოქაში რამდენიმე კომპანიამ და მეწარმემ უდიდეს წარმატებას უმოკლეს დროშია მიაღწია, თუმცა მათ აღმასვლაზე უფრო გასაოცარი მათი დაცემის ისტორიაა, რომელიც სიმძაფრითა და განვითარების სისწრაფით „დოტ-კომის ბუშტს“ მოგვაგონებს.
პანდემიის წყალობით, Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში გასული ორი წლის წლის განმავლობაში 58 მილიარდერის ქონება გაიზარდა და შემდეგ შემცირდა უჩვეულოდ მკვეთრი ტემპით.
პანდემიის პერიოდში ყველაზე გამორჩეული შედეგები სამედიცინო და ონლაინ სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს ჰქონდათ, რაც მათზე რეკორდულად გაზრდილი მოთხოვნით, უპრეცედენტოდ შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკით, ეკონომიკური დახმარების პაკეტებითა და საფონდო ბირჟების მიმართ საზოგადოების ინტერესის ზრდით იყო განპირობებული.
ერიკ იუანი | Zoom
ყველაზე ცუდი შედეგების მქონე კოვიდმილიარდერების სათავეში კომპანია Zoom-ის დამფუძნებელი და დირექტორი ერიკ იუანია, რომლის ქონებაც პანდემიურ პიკში 29 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ალბათ, არცერთი პლატფორმა არ ასოცირდება პანდემიასთან იმაზე მეტად, ვიდრე ონლაინ შეხვედრებისა და კონფერენციების პლატფორმა Zoom-ი. მართალია, 2011 წელს დაფუძნებული კომპანია გარკვეული პოპულარობით 2020 წლამდეც სარგებლობდა, თუმცა პანდემიამ Zoom-ი ჭეშმარიტ ტექნოლოგიურ გიგანტად აქცია, რაც იმ მარტივი ფაქტით იყო განპირობებული, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ორგანიზაცია, სკოლა, უნივერსიტეტი და სასწავლო ცენტრი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.
უმოკლეს პერიოდში Zoom-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 700%-ით, თითქმის 160 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. კომპანიის ინვესტორები იმედოვნებდნენ, რომ პანდემია კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა, Zoom-ი კი მომხმარებლების რაოდენობის ზრდას შეძლებდა, თუმცა ვაქცინაციის წყალობით პანდემია დასასრულს მალევე მიუახლოვდა, Zoom-ის აქციონერები კი საკმაოდ მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ, რამაც საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების 85%-ით ვარდნა გამოიწვია, ამჟამად Zoom-ის კაპიტალიზაცია სულ რაღაც 23 მილიარდ დოლარს შეადგენს, იუანის ქონების შეფასება კი 4.6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ფორესტ ლი | Sea Limited
აგრეთვე ყურადღებას იმსახურებს აზიელი მეწარმე ფორესტ ლი, რომელიც პანდემიის წყალობით სინგაპურის ყველაზე მდიდარი მოქალაქე გახდა, თუმცა მისი აღზევების გასაოცარი ისტორიაც ამ სიაში მყოფი სხვა მილიარდერების მსგავსად კრახით დასრულდა.
უმოკლეს პერიოდში ლის ქონება 22 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც მისი კომპანიის, Sea Limited-ის წარმატებით იყო განპირობებული. თავად ზემოხსენებული კომპანია ვიდეოთამაშების სტუდია Garena-სა და ელექტრონული კომერციის პლატფორმას, Shopee-ს ფლობს. Sea Limited-ის საბაზრო კაპიტალიზაცია სულ რაღაც 9 თვეში 200 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც პანდემიის პერიოდში ონლაინ შოპინგსა და ვიდეო თამაშებზე გაზრდილი მოთხოვნით იყო განპირობებული. 2022 წლის იანვრიდან კომპანიისა და მისი დირექტორის, ფორესტ ლის ცხოვრებაში მკვეთრი დაღმასვლის პერიოდი იწყება, რაც პანდემიის დასრულებასთან და ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის Tencent-ის მიერ Sea Limited-ის წილის გაყიდვასთან იყო დაკავშირებული. ბუნებრივია, Tencent-ის გადაწყვეტილება კომპანიის ინვესტორებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს. გარდა ამისა, ამ ყველაფერს დაემატა ის სამწუხარო ფაქტიც, რომ ინდოეთის მთავრობამ Garena-ს ყველაზე პოპულარული თამაში Free Fire აკრძალა, თავად ინდოეთი Garena-ს უმსხვილესი სარეალიზაციო ბაზარი იყო.
ზემოხსენებული მიზეზების გამო, საფონდო ბირჟაზე Sea Limited-ის აქციების ღირებულება მკვეთრად დაეცა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 30 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული, რაც შეეხება კომპანიის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ფორესტ ლის ქონებას ამჟამად Forbes-ი 3.8 მილიარდ დოლარად აფასებს, რაც პანდემიის პერიოდში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით 83%-ით ნაკლებია, ბუნებრივია, მილიარდერმა მეწარმემ ქონების შეფასებასთან ერთად სინგაპურის უმდიდრესი ადამიანის სტატუსიც დაკარგა.
ერნი გარსია | Carvana
გამორჩეულად არასახარბიელო შედეგების მქონე მილიარდერების რეიტინგში აუცილებლად უნდა ვახსენოთ კომპანია Carvana-ს დამფუძნებელი, ერნი გარსია, რომლის ქონებაც პანდემიური პიკის დროს 21.8 მილიარდ დოლარს აღწევდა.
Carvana-ს სახელით ცნობილი მეორადი ავტომობილების სავაჭრო ონლაინ პლატფორმა ინვესტორების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც კომპანია შემოსავლების ზრდისა და მარკეტინგის აგრესიულ პოლიტიკაზე გადაერთო, რის შედეგად უმოკლეს დროში Carvana-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 700%-ით, 63 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მიუხედავად ყველაფრისა, სწრაფ აღმასვლას მასზე გაცილებით უფრო მკვეთრი დაღმასვლის პერიოდი მოჰყვა, რამაც კომპანიის საბაზრო ღირებულება 2.7 მილიარდ დოლარამდე შეამცირა, მისი დამფუძნებლის, ერნი გარსიას ქონების შეფასება 4 მილიარდ დოლარამდე დაეცა, რაც ვარდნის 82%-იანი მაჩვენებელია. Carvana-სა და გარსიას დაღმასვლა საკმაოდ მარტივი მიზეზითაა განპირობებული – კომპანია იმაზე გაცილებით უფრო ძვირად და არარაციონალურად იყო შეფასებული, ვიდრე ის რეალურად იმსახურებდა, რაც ზოგადად 2021 წლის Bull Market-ისთვის დამახასიათებელი მოვლენა იყო.
სტეფან ბენსელი | Moderna
რეიტინგში მეოთხე სამედიცინო კომპანია Moderna-ს ხელმძღვანელი სტეფან ბენსელია. მისი ქონების შეფასება უმოკლეს დროში 2,400%-ით, 15 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ამჟამად ის 3.7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც კლების 75%-იანი მაჩვენებელია.
ბენსელის აღმასვლა Moderna-ს მიერ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნასთან იყო დაკავშირებული, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი აიცრა. ვაქცინის შექმნის პარალელურად, Moderna-ს მიმართ ინვესტორების ინტერესი რეკორდულად გაიზარდა, სულ რაღაც ერთ წელში კი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 2,000%-ით, 180 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა პანდემიის დასრულებასთან და საფონდო ბირჟების ვარდნასთან ერთად, Moderna-ს კაპიტალიზაცია ბოლო პერიოდში 73%-ით შემცირდა და ამჟამად ის $49 მილიარდის ფარგლებშია.
ბომ კიმი | Coupang
Bull Market-ით ყველაზე სტრატეგიულად კორეელმა მეწარმემ ბომ კიმმა ისარგებლა, რომელმაც თავისი კომპანიის, Coupang-ის აქციების საფონდო ბირჟაზე განსათავსებლად სწორედ 2021 წელი აარჩია. Coupang-ს კორეის ამაზონადაც მოიხსენიებენ, რადგან ის ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული კომერციის უმსხვილესი პლატფორმაა.
საფონდო ბირჟაზე IPO-დან რამდენიმე დღეში Coupang-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $85-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია, მისი დამფუძნებლის, ბომ კიმის ქონების შეფასება კი თითქმის 9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ელექტრონული კომერციის ბუმის დასრულებასთან და მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად, ბირჟაზე Coupang-ის აქციების ღირებულების შემცირება დაიწყო. ამჟამად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 29 მილიარდ დოლარს შეადგენს, ბომ კიმის ქონება კი სულ რაღაც ერთ წელიწადში 67%-ით, 3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ კოვიდმილიარდერების თვალისმომჭრელი წარმატება პირდაპირ იყო დაკავშირებული პანდემიასთან და გლობალური საფონდო ბირჟების აღმასვლასთან. ამ პერიოდში მკვეთრად გაიზარდა თითქმის ყველა იმ კომპანიის საბაზრო ღირებულება, რომელიც ელექტრონული კომერციის, ვიდეო თამაშების ან სამედიცინო ინდუსტრიასთან იყო დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, სწორედ 90-იანი წლების „დოტ-კომის ბუშტს“ მოგვაგონებს, რადგან მაშინაც არარაციონალურად იზრდებოდა ყველა იმ კომპანიის კაპიტალიზაცია, რომელსაც კავშირი ინტერნეტთან ჰქონდა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ამჟამად პლანეტის ყველაზე წარმატებული კომპანიები და მეწარმეები სწორედ „დოტ-კომის ბუშტს“ გადაურჩნენ, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Amazon-ი და მისი დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია. ვინ იცის, იქნებ, ამჯერად პანდემიურ ბუშტს გადარჩენილებს შორისაც ვიხილოთ მორიგი Amazon-ი.