Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლარი ელისონის ქონება 18 მილიარდ აშშ დოლარზე მეტით გაიზარდა. ელისონის სიმდიდრის ზრდა სწორედ მის ხელმძღვანელობაში არსებული კომპანიის აქციების ფასის მკვეთრმა მატებამ გამოიწვია. შედეგად, მან Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მე-4 ადგილზე მყოფ Meta-ს CEO მარკ ცუკერბერგთან ჩამორჩენა მნიშვნელოვნად, დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარით შეამცირა.
Forbes-ის Real Time Billionaires-ის სიის თანახმად, ლარი ელისონის ქონება ერთ დღეში 11%-ზე მეტით გაიზარდა და მოცემული დროისთვის 171 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ცნობისთვის, ელისონი Oracle-ში 40%-იან წილს ფლობს. სამშაბათს, კომპანიის მიერ მოგებასთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, მისი აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა და ყველა დროის მაქსიმუმს, ერთ აქციაზე 140 აშშ დოლარს გადააჭარბა.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი ინარჩუნებს. მისი ქონების წმინდა ღირებულება 209.8 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. მეორე ადგილს, $204.3 მილიარდით, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს; მესამე ადგილზე კი LVMH-ის ხელმძღვანელი, ფრანგი ბერნარ არნოა, რომელიც თითქმის $200 მილიარდის ქონებას ფლობს.