ქართული ციფრული შემოქმედებითი სააგენტო Leavingstone-ი ICOM-ის ოფიციალური წევრი გახდა. ეს არის დამოუკიდებელი სააგენტოების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გაერთიანება, რომელიც შემოქმედებით, მარკეტინგული კომუნიკაციების, მედიის, რეკლამის, ციფრული კომუნიკაციებისა და მათთან დაკავშირებულ სერვისების მიმართულებით მომუშავე 70-ზე მეტი წევრს აერთიანებს 50-ზე მეტი ქვეყნიდან.
Leavingstone-ის ICOM-ში მიღებასთან დაკავშირებით გუშინ, Holiday Inn-ში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქართული სააგენტოს თანადამფუძნებლები და საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდენტი და CEO, ემა კინანი გაუძღვნენ. შეხვედრაზე Leavingstone-ისა და ICOM-ის თანამშრომლობაზე, კოლაბორაციის პოტენციურ ბენეფიტებსა და სამომავლო გეგმებზე გამახვილდა ყურადღება.
„Leavingstone-ი ყოველთვის ისწრაფოდა საზღვრებისა და ლიმიტის რღვევისკენ. ICOM-თან კოლაბორაცია ახალ ჰორიზონტს ხსნის და ბევრ შესაძლებლობას ქმნის, რათა დასავლურ ბაზარს საინტერესო პროექტები ერთად შევთავაზოთ“ – განაცხადა ღონისძიებაზე Leavingstone-ის თანადამფუძნებელმა, ლევან ლეფსვერიძემ.
ICOM-ის პრეზიდენტის, ემა კინანის განცხადებით, ორგანიზაციამ ქართულ სააგენტოში სწორედ ზრდისა და განვითარების დიდი სურვილი დაინახა. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო, Leavingstone-ი ICOM-ში მიეღოთ.
„სააგენტოების არჩევისას ყურადღებას ვამახვილებთ საერთო ღირებულებებზე. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ის მონდომებულია, გაიზარდოს და დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად დამოუკიდებელია“ – განმარტა ემა კინანმა.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში Leavingstone-ი შეძლებს, დიდი ბრენდების პროექტებში ICOM-ის წევრ სხვა სააგენტოებთან ერთად, რესურსების გაერთიანების გზით მიიღოს მონაწილეობა. გარდა ამისა, სააგენტოები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას სხვა ფორმატშიც, მათ შორის ICOM-ის გლობალურ და რეგიონულ შეხვედრებზე გაუზიარებენ.
„ჩვენთვის ეს პირდაპირ ნიშნავს მეტ დამკვეთს საზღვარგარეთიდან, ასევე პროფესიული ზრდის შესაძლებლობას გუნდის წევრებისთვის. გარდა ამისა, ეს გაზრდის ხელმისაწვდომობას მსოფლიო ტენდერებზე, სადაც გვექნება საშუალება დავამტკიცოთ, რომ კრეატივის კუთხით საქართველო მსოფლიოს არ ჩამორჩება“ – აღნიშნა ლევან ლეფსვერიძემ.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას ICOM-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალი წლის სექტემბერში ყოველწლიური ღონისძიების საქართველოში გამართვას განიხილავენ. მისივე თქმით, ევროპული სააგენტოების საქართველოში შეკრება და ღონისძიების მასპინძლობა მნიშვნელოვანი მესიჯი იქნება, განსაკუთრებით დღეს.
„ეს პარტნიორობა საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის გადამწყვეტ მომენტში დაიწყო“, – ამბობს ემა კინანი. „მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროინტეგრაციას უახლოვდება, გვჯერა, რომ კრეატიულ დამოუკიდებლობასა და გლობალურ თანამშრომლობას დიდი ძალა აქვს. ICOM-ის ქსელის მეშვეობით, Leavingstone-ის მსგავსი სააგენტოები იზრდებიან და ამავდროულად ინარჩუნებენ თავიანთ უნიკალურ იდენტობას – ესაა მოდელი, რომელიც მსოფლიოში ჩვენი 70-ზე მეტი წევრი სააგენტოსთვის წარმატებული აღმოჩნდა“.
„ეს Leavingstone-ისთვის ჩვენებურ [ინდუსტრიის] ნატოსა და ევროკავშირში შესვლის ტოლფასია. მარტო განვითარება რთულია, ერთად, ერთმანეთის მხარდაჭერით კი ძალიან ბევრი შესაძლებლობა იქმნება, როგორც ჩვენთვის, ისე ადგილობრივი ბაზრისთვის, ჩვენი კოლეგებისთვის და, ზოგადად, ქართული კრეატიული ტალანტისთვის“ – განაცხადა Forbes Georgia-სთან ღონისძიების დასრულების შემდეგ Leavingstone-ის თანადამფუძნებელმა, ლევან ლეფსვერიძემ.
Leavingstone-ი გიორგი ბურჭულაძემ, ვახტანგ ვახტანგიშვილმა, ირაკლი თევზაძემ და ლევან ლეფსვერიძემ 2010 წელს დააარსეს. ამის შემდეგ კომპანიამ 150-ზე მეტი ჯილდო მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე, მათ შორისაა Cannes Lions, Webby, Eurobest, London International Awards, Epica, Golden Drum, Golden Hammer, KIAF, Ad Black Sea და სხვა. ის არაერთხელ იქნა აღიარებული საუკეთესო სააგენტოდ საქართველოში, უკრაინასა და ლატვიაში.