საქართველოში ლიბანური კომპანია თამბაქოს საწარმოს გახსნას გეგმავს – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ საქმიანობის ანგარიშში არის ნათქვამი. დოკუმენტის ნაწილი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას (FDI) შეეხება და მასში აღნიშნულია, რომ ლიბანური თამბაქოს ნაწარმის წამყვანი ექსპორტიორი საქართველოში ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს. ინფორმაციის თანახმად, ახალი საწარმო ძირითადად ევროკავშირში ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.
„ლიბანურმა კომპანიამ, რომელიც ეწევა თამბაქოს პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 90 ქვეყანაში, გადაწყვიტა გახსნას ახალი საწარმო საქართველოში, კერძოდ, აჭარაში. საქართველოში 72 განსხვავებული პროდუქტის წარმოება მოხდება და ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროპის ქვეყნები იქნება. თავდაპირველად საწარმოში 50-მდე თანამშრომელი დასაქმდება“ – ნათქვამია მთავრობის საქმიანობის ანგარიშში.
დოკუმენტში ინვესტორი კომპანიის სახელი მოხსენიებული არაა, რის შესახებაც Forbes Georgia-მ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა კითხვით. ასევე არ არის დასახელებული ინვესტიციის მოცულობაც.
სავარაუდოდ, საუბარია კომპანია Régie Libanaise des Tabacs et Tombacs-ზე (RLTT), რომელიც ლიბანში სიგარეტის წარმოების და თამბაქოს იმპორტ-ექსპორტისთვის დაფუძნებული სახელმწიფო კომპანიაა. ამჟამად მასზე ლიბანის ბაზარზე სიგარეტის რეალიზაციის ნახევარზე მეტი მოდის.